ბავშვის სოციალური ადაპტაცია

იკითხება 4 წუთში.

სოციალიზაცია, იგივე სოციალური ადაპტაცია, არის პროცესი, რომლის შედეგად ადამიანი ხდება ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის წევრი. ეს შეიძლება იყოს ოჯახი, თემი ან ნებისმიერი ტიპის გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფი. 

სოციალიზაცია გულისხმობს  კონკრეტული სოციალური ჯგუფის ღირებულებების, მოლოდინების, განწყობების, ჩვეულებების, როლების ათვისებას და მათთან ადაპტირებას. 

სოციალიზაციის პროცესი მიმდინარეობს ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში. 

ბავშვობის ასაკში სოციალიზაციის შედეგად ყალიბდება ქცევის სტერეოტიპები, რომლებიც შენარჩუნებულია სიცოცხლის ბოლომდე. ამ დროს ვითარდება ღირებულებების, განწყობების, მოლოდინების, ჩვევების ბირთვი, რომლის საფუძველზეც ყალიბდება ზრდასრული ადამიანის სოციალურობა.

ამგვარად, სოციალიზაცია ადამიანს ეხმარება გარემოსთან, საზოგადოებასთან ადაპტირებაში და მისი კულტურული ნორმების მიღებაში.

სოციალური ადაპტაცია

სოციალური გარემო

ადამიანი ბიო-ფსიქო-სოციალური არსებაა. 

ამდენად, ბავშვის პიროვნება განსაზღვრულია როგორც გენეტიკური მოცემულობით, ასევე კონკრეტული სოციალური გარემოს მახასიათებლებით. საკუთარ სოციალურ გარემოში ბავშვის ურთიერთობა გარშემო მყოფ ადამიანებთან, ბიოლოგიურობასთან ერთად, განვითარების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. მემკვიდრეობით მიღებული მონაცემების და გარემო პირობების ურთიერთობა რეალურ ძალად იქცევა მას შემდეგ, როცა შეიქმნება მისი გამოვლენის და განვითარების შესაძლებლობა. 

ოჯახის გადამწყვეტი როლი

ოჯახი არის, იყო და ყოველთვის იქნება უმნიშვნელოვანესი სისტემა ბავშვის, როგორც პიროვნების მორალური ფორმირებისა და აღზრდისათვის. 

სწორედ ოჯახური გარემო, მშობლების დამოკიდებულება, მიმღებლობა, მზრუნველობა, თანაგანმცდელობა, სიყვარულისა და სითბოს გამოვლენის თავისებური ფორმები, ფსიქოგანათლება და ინტელექტი განსაზღვრავს ბავშვის პიროვნებას, მის თვითცნობიერებას,  სოციალურ და ზნეობრივ ორიენტაციას, ღირებულებებისა და ფასეულობების განვითარებასა და ჩამოყალიბებას.

ოჯახში ჩნდება, ვითარდება და ყალიბდება სოციალურ-ბიოლოგიური, ცხოვრებისეულ-ყოფითი, მორალურ-სამართლებრივი, ფსიქოლოგიური და ესთეტიკური ურთიერთობები.

ოჯახი არის არა ერთგვაროვანი, არამედ დიფერენცირებული სოციალური ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილია განსხვავებული ასაკის, სქესისა და პროფესიის ქვესისტემები. 

ოჯახი, როგორც მცირე ჯგუფი, ყველაზე მეტად ახერხებს თანდათანობით გააფართოოს და გაამდიდროს  ბავშვის სოციალური სივრცე, მისი თვალთახედვის არეალი, გამოცდილება და ხელი შეუწყოს მის სოციალურ ადაპტაციას გარესამყაროსთან. 

ცოცხალ ორგანიზმთა შორის დაბადების მომენტში ყველაზე უსუსურ არსებად ადამიანია მიჩნეული, რადგან მას დიდხანს არ შეუძლია დამოუკიდებლად უზრუნველყოს საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარება. სუსტი, უმწეო არსებისაგან გონიერ, ძლიერ, რეალიზებულ, შემოქმედ და ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის კი განსაკუთრებულად მიჩნეულია სწორედ ოჯახი

ოჯახური ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი მზადება ბავშვის სოციუმთან შესახვედრად. ოჯახი ქმნის მათთვის სოციალური ქცევის გარკვეულ მოდელებს და ასწავლის სოციალური ურთიერთქმედების საშუალებებს. აღიარებულია აგრეთვე, რომ ბავშვის სოციალიზაციაში დიდ როლს ასრულებს მისი ურთიერთობა თანატოლებთან, საბავშვო ბაღისა და სკოლის გარემოცვის წარმომადგენლებთან. მიუხედავად ამისა, სოციალურ ცხოვრებაში მომხდარის შეფასებისას, ბავშვი პირველ რიგში ეყრდნობა თავის გამოცდილებას ოჯახის წევრებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობას. ოჯახი, აღმზრდელობითი ფუნქციის შესრულებისას უზრუნველყოფს მოზარდი თაობის სოციალიზაციას, საზოგადოების ახალი წევრების მომზადებას. ამგვარად ბავშვის მიერ ოჯახში ათვისებული ქცევის მოდელი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის შემდგომ სოციალურ გამოცდილებას.  

ოჯახი განვითარების, სოციალურ გარემოში ადაპტირების პირველი და ყველაზე ხანგრძლივი კონტექსტია. ადამიანის შვილები, განსხვავებით სხვა ბიოლოგიური სახეობების ნაშიერებისგან, ნელა ვითარდებიან, დახმარება და სწავლება მათ მრავალი წლის მანძილზე ესაჭიროებათ, ვიდრე არ გახდებინ დამოუკიდებელნი. ზრდასრულ ასაკამდე გეგმაზომიერი სვლის დროს, ჩვენ ყველგან ხაზგასმით აღვნიშნავთ ადამიანური სოციალური ორგანიზაციის მნიშვნელობას: ოჯახი წარმოადგენს ფუძემდებელ სტრუქტურას და ორივე მშობელი ერთნაირად მნიშვნელოვანი და საჭიროა ბავშვისთვის.

რა თქმა უნდა, სხვა კონტექსტებიც აგრეთვე ახდენს გავლენას ბავშვის განვითარებაზე, მის სოციალურ ადაპტაციაზე, მაგრამ ოჯახის ფართო და ძლიერ ზეგავლენას ვერაფერი შეედრება. მიჯაჭვულობა, რომელიც უყალიბდება ბავშვს მშობლებთან და დედმამიშვილებთან, როგორც წესი, მთელი ცხოვრება გრძელდება და წარმოადგენს ურთიერთობის მოდელს უფრო ფართო გარემოსთან (ეზო, საბავშვო ბაღი და სკოლა). ოჯახში ბავშვები გამოცდიან თავის პირველ სოციალურ კონფლიქტებს. მშობლების დისციპლინური ზემოქმედებები და დედმამიშვილებთან ურთიერთობა იძლევა მნიშვნელოვან გაკვეთილებს და აგრეთვე სხვების ქცევაზე ზეგავლენის სწავლის საშუალებას. და ბოლოს, ოჯახში ბავშვები ეუფლებიან საუბარს და აუცილებელ უნარ-ჩვევებს, ითვისებენ საკუთარი კულტურის ზნეობრივ ფასეულობებს.

არასწორი დამოკიდებულებები და ურთიერთობის ფორმები

თუმცა, რამდენადაც დიდია ოჯახის, თითოეული მშობლის როლი ბავშვის გარემოსთან ადაპტაციის პროცესში, ისევე დიდია მათი წვლილი სოციალური ადაპტაციის რღვევის შემთხვევაშიც. მიზეზები შესაძლებელია კვლავ ოჯახის, მშობლების არასწორი წარმოდგენებისა და ურთიერთობებიდან მომდინარეობდეს:

  1. მშობლები ვერბალურად ან არავერბალურად უმეტესწილად ამართლებენ საზოგადოების მიერ დაგმობილ, მიუღებელ ქცევის ნორმებს (მაგალითად, სისასტიკე, ნარკოდამოკიდებულება,  ალკოჰოლიზმი და ა.შ.).
  2. მშობლები სიტყვიერად ემხრობიან საზოგადოებისთვის, სოციუმისთვის ქცევის  მისაღებ ფორმებს, თუმცა თავად ასრულებენ ისეთ ქმედებებს, რომელიც საზოგადოების მოლოდინს არ შეესაბამება. ასეთ შემთხვევაში ბავშვებში ვითარდება ფარისევლობა და თვალთმაქცობა, ზოგადად ამორალური დამოკიდებულებები, რაც შემდგომში შეიძლება მნიშვნელოვანი სტიმული გახდეს ქცევითი გადახრების განვითარებაში.
  3. მშობლები ვერბალურად ან არავერბალურად ემხრობიან ქცევის ნორმატიულ ფორმებსა და შაბლონებს, მაგრამ არ აკმაყოფილებენ ბავშვის ემოციურ მოთხოვნილებებს. რაც უმეტესწილად მშობლებსა და მოზარდებს შორის მჭიდრო ემოციური ურთიერთობების არარსებობითაა განპირობებული.
  4. მშობლები იყენებენ აღზრდის სასტიკ, უხეშ მეთოდებს, რომელიც ეფუძნება ძალადობას, იძულებას და პიროვნების დაკნინებას.

საბავშვო ბაღი 

საზოგადოებაში ადაპტაცია სხვადასხვა ასაკში განსხვავებულად მიმდინარეობს და, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ადაპტაციის პირველ ეტაპს ბავშვი გადის ოჯახში, შემდეგი კი არის საბავშვო ბაღი, რომელიც ასევე საკმაოდ რთული პროცესია პატარებისთვის. ბავშვი, რომელიც ოჯახში იზრდება და მისთვის ნაცნობ გარემოში მასზე მისივე მშობლები ზრუნავდნენ, ახლა აბსოლუტურად უცხო გარემოში, უცხო აღმზრდელების და თანატოლების გარემოცვაში მოუწევს ყოფნა, თამაში, ურთიერთობა და იმ ნორმებთან შეგუება, რომელიც არის ამ სოციალური ჯგუფისთვის მიღებული. თუ გარემოში ბავშვის მიმართ არის კეთილგანწყობილი, მზრუნველი და თბილი დამოკიდებულება, პატარა ადვილად ადაპტირდება.

სკოლა

სოციალური ადაპტაციის შემდეგი ეტაპი  არის სკოლა. 

საბავშვო ბაღში ადაპტირებული ბავშვი ადვილად ადაპტირდება სკოლაშიც. თუ ბავშვი ბაღში არ დადიოდა, სკოლაში ადაპტაცია მისთვის, რასაკვირველია, უფრო რთული პროცესი იქნება. პირველკლასელისთვის ის, თუ როგორ მიიღებს მასწავლებელი მას და რა როლს მოარგებს სწავლის პირველ ეტაპზე, როგორ დაძლევს მისთვის აბსოლუტურად ახალ, უფრო რთულ გამოწვევებს, წინააღმდეგობებს, როგორ მიიღებენ მისი თანატოლები, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად განაპირობებს შემდგომში იმას, თუ როგორ განვითარდება, როგორ ისწავლის, როგორი როლი ექნება საზოგადოებაში, მასწავლებლების, თანაკლასელების და მეგობრების გარემოცვაში. 

პროფესიული სასწავლებელი, უნივერსიტეტი…

საზოგადოებაში ადაპტაციის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია სკოლის შემდგომი სასწავლებელი, ეს შეიძლება იყოს პროფესიული კოლეჯი, უნივერსიტეტი და ა.შ. ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ სასწავლებელში მოზარდს არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა ეს ასე არ არის. მოზარდისთვის ეს გარემო ისეთივე უცხო და ახალია, როგორც პატარა ბავშვისთვის საბავშვო ბაღი, ახალი ამოცანები და მიზნები ჩნდება მის ცხოვრებაში, რომლის დაძლევის გზებიც უფრო რთულია და მეტი პასუხისმგებლობაა მისგან საჭირო. ამიტომაც, მათ გარკვეული დრო სჭირდებათ საზოგადოებაში ცხოვრების ახალ პირობებთან, ახალ ამოცანებთან შესაგუებლად. თუმცა წინა ეტაპების გამოცდილება აქ გარკვეული შედეგის სახით აისახება.

მომზადებულია ნანა ჩაჩუას ფსიქოლოგიური ცენტრისა და ჰაპის გუნდის მიერ

შეამოწმე შვილის განვითარება

შეამოწმე რა შედეგზე ხარ გასული შვილის განვითარებაში

თან აღმოაჩინე სახალისო აქტივობები

გააზიარე და გაავრცელე ❤️