ოჯახის როლი ბავშვის აღზრდაში

იკითხება 4 წუთში.

„მხოლოდ მცენარის თესლი არ არის საკმარისი 

მცენარის განვითარებისთვის,  

ასევე აუცილებელია სათანადო გარემო, 

რათა თესლი მცენარედ იქცეს“

                                                                                                                      (დიმიტრი უზნაძე)

ბავშვის აღზრდა ოჯახში რთული და დელიკატური პროცესია, რომელიც მოითხოვს მშობლების მხრიდან მოთმინებას, სიმშვიდეს, გაწონასწორებულობას, ტაქტს, მზრუნველობასა, სიყვარულის გამოხატვასა და ფსიქოლოგიის საბაზისო ცოდნას, რათა მოხდეს ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბება და განვითარება. 

ოჯახური აღზრდის სპეციფიკა განისაზღვრება, როგორც მისი სტრუქტურით,  აღზრდის სტილით, მშობლების აღმზრდელობითი ფუნქციის მზაობის ხარისხით, მათი პიროვნული თავისებურებებითა და გამოცდილებით, ასევე საყოფაცხოვრებო და სხვა გარემო პირობებითაც. 

ოჯახი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პიროვნების განვითარებისა და ფორმულირების პროცესში. მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება ბავშვის ფიზიკური, ემოციური, ინტელექტუალური თუ  სოციალური განვითარება მთელი ცხოვრების მანძილზე. 

ოჯახი

ერიკ ერიქსონის ფსიქო-სოციალური სტადიების განხილვის შედეგად კარგად ჩანს, რომ სწორედ მშობლების ურთიერთდამოკიდებულება და შეფასებები განსაზღვრავს დაცულობისა და უსაფრთხოების განცდას, მორალურ მხარდაჭერას, ბავშვში სტაბილური, ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას, ავტონომიურობის, ინიციატივის, შრომისმოყვარეობის, პასუხისმგებლობის განვითარებას. ამგვარად, ოჯახი და ოჯახში ყოველი წევრის, განსაკუთრებით კი მშობლის პიროვნული მახასიათებლები და ღირებულებათა სისტემა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს  ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში. 

მშობლების მზრუნველობა, მათი სიყვარულისა და სითბოს, თანაგანმცდელობისა და მხარდაჭერის გამოვლენა აუცილებელია ბავშვის სიცოცხლისუნარიანობისთვის.

დედობრივი და მამობრივი სიყვარული

ოჯახში ბავშვის აღზრდის პროცესისათვის აუცილებელი კომპონენტია დედობრივი, ანუ უპირობო სიყვარული და სოციალური ვალდებულებების მიმართ პასუხისმგებლობითი დამოკიდებულების ერთ–ერთი გარანტი, ე.წ. მამობრივი სიყვარული

დედის პირველი ემოციური და სხეულებრივი კავშირი, რომელიც სანდო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას და ჩვილის მიმართ მის შემდგომ გონებრივ განვითარებას განსაზღვრავს, უფრო მოგვიანებით კი განაპირობებს მეტყველების ათვისებას, წიგნის კითხვას, რაც ხელს უწყობს ბავშვების ცნობისმოყვარეობისა და ინტელექტის გაფართოებასა და სტიმულირებას. ყველაფერი ეს უზრუნველყოფს ბავშვის ინტელექტულური, ემოციური და ნებელობითი განვითარების უმნიშვნელოვანეს პროცესს. რამდენადაც, თითოეული ადამიანი საკუთარი, ანუ განუმეორებელი თავისებურებით ხასიათდება მშობელი, აუცილებელია ითვალისწინებდეს იმ სპეციფიკურ ნებისმიერ მახასიათებელს, რომელიც საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას. 

ოჯახი ბავშვის გრძნობების, განცდების დასწავლისა და თავისუფალი გამოვლენის პირველადი სივრცეა. ბავშვში ნებსით თუ უნებლიედ აისახება რა უფროსების ურთიერთობისა და სხვა ემოციური რეაქციების გამოვლინებები, შემდგომში ასახვას ჰპოვებს ბავშვის ქცევითი ჩვევების ჩამოყალიბებაში. 

გრძნობების ანბანი

მშვიდ გარემოში პატარაც მშვიდად გრძნობს თავს. ასეთი გარემოსთვის დამახასიათებელია დაცულობისა და უსაფრთხოების განცდა. შესაბამისად,  ემოციურადაც გაწონასწორებულია, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ბავშვის ჯანსაღი განვითარებისათვის. ბავშვი თავისი ბუნებით აქტიური და ცნობისმოყვარეა, ის ადვილად იმეცნებს ყველაფერს, რასაც ხედავს და რაც ესმის, გადაეცემა უფროსების ემოცია და განწყობა. 

მნიშვნელოვანია ასევე, თუ როგორ ემოციებს იღებს გარშემომყოფებისგან: 

პოზიტიურინეგატიური
მზრუნველობა
სიყვარული
სითბო 
გულითადობა 
პატივისცემა
კეთილგანწყობა 
მშვიდი ტონი
იუმორი
მოწყენილობა
გაღიზიანებულობა
ყვირილი
ჩხუბი
შური
დაყვედრებ
ადასჯა

ეს ყველაფერი თავისებურად გრძნობების ანბანია, მომავალში პიროვნების ფორმირებისთვის.

მორალური ღირებულებები

შვილის მორალური აღზრდა მშობლებისთვის ძალიან საპასუხისმგებლოა და დიდ ყურადღებას მოითხოვს. 

სოციალური ურთიერთობის, საზოგადოებასთან თანაცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტორი არის საზიარო ნორმების გათავისება და მისი განხორციელება. სწორედ ოჯახში  აღიქვამენ ბავშვები მორალის ანბანს, ითვისებენ, რა არის კარგი და რა არის ცუდი, სწავლობენ ადამიანების მიმართ გამოავლინონ კეთილგანწყობა და გაუწიონ დახმარება. 

ასაკის მატებასთან ერთად ბავშვში მორალური ვალდებულებები ფართოვდება. 

მორალური აღზრდა გულისხმობს თავისთავადი ღირებულებებისადმი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას: 

  • ურთიერთდანდობა
  • სამართლიანობა
  • სიყვარული
  • მეგობრობა
  • ერთგულება 

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრების, განსაკუთრებით მშობლების პირად მაგალითს, მხატვრული ლიტერატურის კითხვას და, ზოგადად, ხელოვნებასთან ზიარებას. 

შრომისმოყვარეობა

ბავშვის აღზრდის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შრომისმოყვარეობის უნარის განვითარებას. 

ადრეული ასაკიდან ბავშვები თავისი შესაძლებლობების შესაბამისად ცდილობენ მონაწილეობა მიიღონ საოჯახო  საქმეებში, დაეხმარონ უფროსებს. როლური თამაშები, განსაკუთრებით კი თამაშები წესებით, ეხმარება ბავშვს პასუხისმგებლობების დასწავლაში. მშობლების უმთავრესი ამოცანა ამ დროს არის მისცენ შვილს შრომითი აქტივობის განხორციელების შესაძლებლობა, დაშლისა და აკრძალვის ნაცვლად მოიწონონ და წაახალისონ ბავშვების ნებისმიერი შრომითი ინიციატივა. 

თვითმომსახურების მისაღები ფორმები, საოჯახო  საქმეებში მონაწილეობის მიღება, სხვადასხვა შრომითი უნარითა და ცოდნით  შეიარაღება, ადამიანისთვის და საზოგადოებისთვის შრომის მნიშვნელობის გაცნობიერება, პროფესიების გაცნობა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში მონაწილეობა – ყველაფერი ეს ხელს უწყობს კეთილსინდისიერ, შრომისმოყვარე ადამიანად ჩამოყალიბებას, რომელსაც მომავალში შესაძლებლობა ექნება უზრუნველყოს როგორც საკუთარი თავი, ისე ოჯახი, რაც საბოლოოდ საზოგადოებრივი თანაცხოვრების სერიოზულ წინაპირობას შექმნის.

მშობლებს მხოლოდ მაშინ ეძლევათ შესაძლებლობა, გავლენა იქონიონ მოზარდი შვილების პიროვნების ფორმირებაში, თუ მიზანმიმართულად, გონივრულად, თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად ყურადღებას გაამახვილებენ ბავშვის პოზიტიურ მხარეებზე და ხელს შეუწყობენ მათ განვითარებას. ბავშვის შესწავლაში დაგვეხმარება თავისუფალი საუბარი მათთვის საინტერესო თემაზე, დაკვირვება მის ქცევაზე, როგორც ოჯახში, ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლაში, შრომისა და  დასვენების პროცესში, ვისთან მეგობრობს, რას კითხულობს და რას თამაშობს.

ნდობა – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია აღზრდის პროცესში, რადგან აუცილებელია მშობლები ენდობოდნენ  ბავშვებს და პირიქთ – ბავშვები მშობლებს. ბავშვის აღზრდა  და მისი ცხოვრების ორგანიზება იწყება, პირველ რიგში, საკუთარი თავის აღზრდით, მაღალმორალური შიდა ოჯახური ურთიერთობების და ჯანსაღი მიკროკლიმატის  უზრუნველყოფით.

ოჯახში ბავშვის აღზრდის ეფექტურობას განსაზღვრავს ასევე მშობლების მხრიდან ერთნაირი თუ არა, მსგავსი მოთხოვნების წამოყენება, რაც თავისთავად გულისხმობს ურთიერთგამომრიცხავი მოთხოვნების წაყენების დაუშვებლობას. ბავშვი იღებს და ითავისებს მხოლოდ იმ წესებს, რომელიც ყველასათვის საერთოა, სისტემური და თანმიმდევრულია. ამიტომ აუცილებელია, რომ მშობლები წინასწარ შეთანხმდნენ იმ მოთხოვნებზე, რომელსაც ბავშვს უყენებენ. 

ბავშვის აღზრდის პროცესში ასევე აუცილებელია ოჯახის თავისუფალი დროის სივრცე, რადგანაც სწორედ ეს უზრუნველყოფს ოჯახის წევრების სულიერ განვითარებას, მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ მზაობას, შემდგომში შრობითი აქტივობებისთვის. ოჯახის მთლიანობა ქმნის ოჯახის თითოეული წევრის ინდივიდუალობის განვითარებასა და დაცულობას. ასეთი ტიპის შიდა ოჯახური ურთიერთობები, თაობათა შორის ურთიერთობების ფარგლებში იძენს აღმზრდელობით ფუნქციას და გულისხმობს ოჯახის ზრდასრული წევრების ერთობლივ მონაწილეობას ყოველდღიური რუტინისაგან განტვირთვის საქმიანობისთვის. განსაკუთრებით დიდ აღმზრდელობით პოტენციალს ოჯახური დასვენების სფეროში ანიჭებენ ტრადიციებს: ოჯახური დღესასწაული, სეირნობა, ქალაქგარეთ გასვლა და ა.შ. ტრადიციები, როგორც საფუძველი, წესი, მიღებულია მთელი ოჯახის მიერ და უზრუნველყოფს ოჯახური კოლექტივის გაერთიანებას, შეკვრას.

ადამიანის განვითარება უწყვეტ ჯაჭვად მიმდინარე პროცესია. სწორედ ოჯახი აძლევს ადამიანს ახალი შესაძლებლობების ათვისების საშუალებას და დიდ როლს თამაშობს სრულყოფილ ადამიანად ფორმირების პროცესში.

სამწუხაროდ, მშობელთა გარკვეული ნაწილი არ აქცევს სათანადო ყურადღებას ბავშვის განვითარებას და ვერ აცნობიერებს, რომ სწორედ ბავშვობის პერიოდია გაძლიერებული განვითარების, ცვლილებებისა და სწავლის პერიოდი. ისინი ნაკლებად აღიქვამენ ამ პროცესს როგორც მთლიანს, რომელიც გულისხმობს ცვლილებებს ყველა სფეროში და არა ცალკეული სფეროების დამოუკიდებელ განვითარებას.

ბავშვის აღზრდის პროცესში დიდი ყურადღება ექცევა ჯანმრთელობას, ფიზიკურ განვითარებას, მოხერხებულობას, მოქნილობას, სისწრაფეს, გამძლეობასა და სხვა მნიშვნელოვან ნიშნებს, რადგან ჯანმრთელი, ფიზიკურად განვითარებული ადამიანი უკეთ შეძლებს გაუმკლავდეს გონებრივ და ფიზიკურ აქტივობას, მას როგორც წესი კარგი და მხიარული განწყობა აქვს, კეთილგანწყობილია გარშემომყოფების მიმართ, შეუძლია დახმარების გაწევა და თავადაც მიისწრაფის ყველაფერი სრულყოფილად გააკეთოს. მთავარია-მშობლების მაგალითი.

მომზადებულია ნანა ჩაჩუას ფსიქოლოგიური ცენტრისა და ჰაპის გუნდის მიერ

შეამოწმე შვილის განვითარება

შეამოწმე რა შედეგზე ხარ გასული შვილის განვითარებაში

თან აღმოაჩინე სახალისო აქტივობები

გააზიარე და გაავრცელე ❤️