მშობელთან მიჯაჭვულობა: 4 ტიპი

იკითხება 4 წუთში.
მშობელთან მიჯაჭვულობა

მიჯაჭვულობა, რომელიც დაბადების პირველი დღეებიდანვე ყალიბდება, წარმოადგენს ღრმა, ხანგრძლივ ურთიერთკავშირს აღმზრდელსა და ბავშვს შორის. ფიზიკური და ემოციური სიახლოვე ბავშვის უსაფრთხოების და კომფორტულობის განცდას უზრუნველყოფს.

ტერმინი „მიჯაჭვულობა“ მე-20 საუკუნის შუა პერიოდში ჯონ ბოულბიმ და მერი ეინსვორთმა შემოიტანეს. მათ თეორიაში საკვანძო ტერმინებია: ემოციური კავშირიმიჯაჭვულობა და მიჯაჭვულობის ქცევა.

ემოციური კავშირი შედარებით ხანგრძლივია. ამ დროს სხვა ადამიანი ჩვენთვის ხდება მნიშვნელოვანი, უნიკალური და შეუცვლელი. ემოციური კავშირი ადამიანთა შორის სიახლოვის მოთხოვნილებას ზრდის.

მიჯაჭვულობა არის ემოციური კავშირის ქვესახეობა. ეს არის მდგომარეობა, როცა ემოციურ ურთიერთობასთან ერთად ადამიანი თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობს.

ბავშვის დამოკიდებულებას მშობლის მიმართ შეიძლება ვუწოდოთ მიჯაჭვულობა. იმავეს ვერ ვიტყვით მშობელთან მიმართებაში, რადგან ამ შემთხვევაში მშობელთან დაცულობის მოთხოვნილება არ და ვერ იქნება. ზრდასრულ ადამიანს მიჯაჭვულობის განცდა შესაძლოა პარტნიორთან ან მეგობართან გაუჩნდეს.

მიჯაჭვულობა და ემოციური კავშირი არის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ქცევაში ვლინდება.

მიჯაჭვულობის ქცევა შესაძლებლობას აძლევს ბავშვს ან ზრდასრულს მოიპოვოს ან შეინარჩუნოს სიახლოვე ადამიანთან, რომელთანაც ის მიჯაჭვულია. ეს შეიძლება იყოს თვალებით კონტაქტი, ჩახუტება, შეხება, ღიმილი, ტირილი და ა.შ.

ბავშვისთვის მიჯაჭვულობის ფორმირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის გარეშე მისი სრულფასოვნად განვითარება წარმოუდგენელია. მჭიდრო ემოციური კავშირი უფროსსა და ბავშვს შორის ეხმარება პატარას შიშის დაძლევაში, სამყაროს შემეცნებაში, სტრესთან გამკლავებაში, ლოგიკური აზროვნების, იმპულსების მართვის უნარის განვითარებაში, საკუთარი და სხვა ადამიანების გრძნობების გაგების უნარის ფორმირებაში.

მიჯაჭვულობის დარღვევამ შეიძლება არა მარტო სოციალურ კონტაქტზე, პირადი ღირსების გრძნობების ჩამოყალიბებასა და ემპათიის უნარზე მოახდინოს ზეგავლენა, არამედ ის ბავშვის ემოციური, სოციალური, ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს. ბავშვებს, რომლებიც მიჯაჭვულობის გრძნობის დეფიციტს განიცდიან, სამყაროს შეცნობისა და ადამიანთა შორის დამოკიდებულების არაადეკვატური აღქმა გამოუმუშავდებათ.

მიჯაჭვულობის მოდელი შეიძლება გადაეცეს თაობიდან თაობას. ანუ საკუთარი ბავშვობის გამოცდილება გავლენას ახდენს შვილებთან ემოციური კავშირის ფორმირებაზე და შემდგომი თაობაც იღებს ამ გამოცდილებას (ბებია -> დედა -> ბავშვი).

სანდო და არასანდო მიჯაჭვულობა

ბავშვის დაბადების მომენტიდან მშობელზეა დამოკიდებული, ყოველდღიური ზრუნვის დროს, თუ როგორ პასუხობს ჩვილის საჭიროებებს და მოთხოვნილებებს, სწორედ ამის მიხედვით ხდება სანდო თუ არასანდო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება.

სანდო მიჯაჭვულობის ფორმირებისათვის აუცილებელია მშობელს დაბადებიდან 1.5 წლამდე ბავშვთან ჰქონდეს ხანგრძლივი, ხშირი ფიზიკური და ემოციური ურთიერთობა. ამ დროს უფროსიც დიდ სიამოვნებას უნდა განიცდიდეს. ბავშვის გარემო უნდა იყოს მშვიდი, დროულად უნდა იყოს შემჩნეული და დაკმაყოფილებული მისი მოთხოვნილებები.

არასანდო მიჯაჭვულობა კი ყალიბდება მაშინ, როცა მშობელი გულგრილია ბავშვის მოთხოვნილებების მიმართ, ფიზიკური და ემოციური ურთიერთობა მათ შორის მწირია, უფროსის მხრიდან ისმის სხვადასხვა სახის მუქარა ბავშვის ქცევის გასაკონტროლებლად: „შეჭამე, თორემ თავზე დაგასხამ“, „მაკოცე, თორემ გაგებუტები“, „დაიძინე, თორემ ბუა მოვა“, „თუ არ დამიჯერებ, შენი დედა აღარ ვიქნები“ და ა.შ.

დედას, ბავშის დაბადებიდან მცირე ხნის შემდეგ, შეუძლია გაარჩიოს საკუთარი შვილის და სხვა ბავშვის ტირილის ხმა. მხოლოდ მისთვის გასაგები ნიშნების საშუალებით შეიძლება გაარკვიოს, თუ რა არის მისი შვილის დისკომფორტის, წუხილის მიზეზი (ეძინება, შია თუ რამე ტკივა). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში დედობრივი ინსტინქტი თავიდანვე არ ვლინდება და ასეთი დროს ქალი დედის როლში თავს არაკომფორტულად გრძნობს, რაც შემდგომში განაპირობებს არასანდო მიჯაჭვულობის ფორმირებას.

დედას ჩვილთან ურთიერთობისას ეცვლება სახის გამომეტყველება, ხმის ტემბრი, რიტმი, რაც მისი მეტყველების მელოდიურობას განსაზღვრავს. ეს კი ჩვილს უადვილებს აღიქვას, გადაამუშაოს ინფორმაცია და მოახდინოს ადეკვატური რეაგირება. ე.ი. ჩვილი, ერთი მხრივ, დედის მხრიდან განსაკუთრებულ ქცევას იწვევს და, მეორე მხრივ, მიმართულია მისი ქცევის აღქმაზე. მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილი საკმაოდ უსუსურია, მას მიჯაჭვულობის ჩამოსაყალიბებლად უამრავი უნარი აქვს: ღიმილი, თვალებით კონტაქტი, ტირილი, არჩევს დედის რძის სუნს, გამოხატავს სიხარულს მის დანახვაზე და ა.შ.

მიჯაჭვულობა ყველა ბავშვს უვითარდება, ის ყალიბდება თანდათან და მასში აისახება მოლოდინები, რომელიც ბავშვს დედის მიმართ აქვს. ბავშვის რეაქცია სტრესზე და მზაობა მიმართოს დედას თანაგრძნობისთვის, დამოკიდებულია მის გამოცდილებაზე და იმაზე, თუ რას ელის დედისგან.

მიჯაჭვულობის ოთხი ტიპი

მერი ეინსვორთმა გამოყო მიჯაჭვულობის 4 ტიპი: სანდო, განრიდებული, ამბივალენტური და დეზორგანიზაციული

  1. სანდო მიჯაჭვულობა – როდესაც ბავშვი შეშფოთებული ან შეშინებულია მშობლისკენ მიიწევს, რადგან მისი მხარდაჭერის, თანაგრძნობის და მზრუნველობის იმედი აქვს. ასეთი ბავშვები იწყენენ, წუხან, როცა დედა / მამა ოთახიდან ან სახლიდან გადის. ხოლო დაბრუნებისას მხიარულად, თბილად ხვდებიან მას. ადვილად მშვიდდებიან დედის /მამის სიახლოვისას, რადგან ასეთ ბავშვებს მიღებული აქვთ სენსიტიური, მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული მზრუნველობა.
  2. განრიდებული მიჯაჭვულობა – ამ დროს ბავშვები მშობელზე ნაკლებად დამოკიდებული და მეტად ავტონომიურები არიან. არ გამოხატავენ ემოციას დედის /მამის მიმართ. ოთახიდან დედის გასვლის შემდეგ, შესაძლოა არ იდარდოს და უცხო ადამიანს ისევე მოექცეს, როგორც დედას. ან შესაძლოა გამოხატოს შფოთვა, როცა ის ოთახიდან გადის, მაგრამ დაბრუნებისას არ დაინტერესდეს მისით. განრიდებული მიჯაჭვულობის დროს, ბავშვები არ არიან დარწმუნებული, რომ დედა შეძლებდა მათ დაწყნარებას, თანაგრძნობას და დამშვიდებას, რადგან აღზრდის პროცესში მშობლისგან ემოციურ იგნორირებას იღებენ. ამიტომ იძულებულები არიან დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ ემოციებს.
  3. ამბივალენტური მიჯაჭვულობა – ასეთ ბავშვებს „დედის კუდს“ უწოდებენ. არ ცილდებიან დედას და არ ცდილობენ საკუთარი თავის ან გარესამყაროს შესწავლას. ოთახიდან დედის გასვლის შემდეგ, მათში მაღალია შფოთვის დონე. ბავშვი სასოწარკვეთილი ელოდება მის დაბრუნებას. როგორც კი დედას დაინახავს, მის მიმართ ბრაზს გამოხატავს, ტირის, ჩხუბობს, ცდილობს ხელიდან დაუსხლტეს ან შეიძლება მაგრად ჩაეკრას და იტიროს. ამ ტიპის მიჯაჭვულობის დროს, აღზრდის პროცესში, უფროსისგან ბავშვებს გამოცდილებაში ქაოტური, არათანმიმდევრული ზრუნვა აქვთ მიღებული.
  4. დეზორგანიზაციული მიჯაჭვულობა – ესაა ყველაზე სუსტი მიჯაჭვულობის ტიპი. ოთახში დედის /მამის დაბრუნების შემდეგ ბავშვი ავლენს ურთიერთსაწინააღმდეგო აქტივობას. მან შეიძლება ზურგი შეაქციოს დედას, როცა ის ხელში ჰყავს აყვანილი ან მიეკრას დედას აპათიური სახით. ასევე შესაძლებელია დამშვიდების შემდეგ ხელახლა დაიწყოს ტირილი. ასეთი ბავშვებისთვის დამახასიათებელია სხეულის „გაყინული“, „გაშეშებული“ პოზები.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მიჯაჭვულობის ტიპი გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე, სასიყვარულო ურთიერთობის სტაბილურობაზე, სამუშაოს და პარტნიორის შერჩევაზე, დეპრესიის განვითარებაზე, ცხოვრებისეული კრიზისის დაძლევაზე, სხვა ადამიანთან ურთიერთობის ფორმაზე.

სანდო მიჯაჭვულობის ტიპის მქონე ადამიანები განიცდიან ბედნიერებას, აქვთ სამყაროს მიმართ ნდობა, თავის საქმიანობაში თავს თავდაჯერებულად გრძნობენ, ნაკლებად ეშინიათ შეცდომის დაშვების, არ უშვებენ, რომ პირადმა ურთიერთობებმა ხელი შეუშალოს მუშაობაში.

ხოლო არასანდო მიჯაჭვულობის (ანუ განრიდებული, ამბივალენტური და დეზორგანიზაციული) ტიპის მქონე ადამიანებს, აქვთ ახლო ურთიერთობების შიში, ახასიათებთ ემოციური უკიდურესობები, აკვიატებული სიყვარული, ეჭვიანობა. დამოკიდებულნი არიან შექებაზე, ეშინიათ იგნორირების, სამუშაოს იყენებენ იმისთვის, რომ სოციალურ ურთიერთობებს გაექცნენ და, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვთ, ხშირად უკმაყოფილონი არიან სამუშაოთი.

მომზადებულია ნანა ჩაჩუას ფსიქოლოგიური ცენტრისა და ჰაპის გუნდის მიერ

შეამოწმე შვილის განვითარება

შეამოწმე რა შედეგზე ხარ გასული შვილის განვითარებაში

თან აღმოაჩინე სახალისო აქტივობები

გააზიარე და გაავრცელე ❤️