მე-შეტყობინება – ის, რაც გვეხმარება შვილებისთვის გასაგებ ენაზე გამოვხატოთ ჩვენი ემოციები

იკითხება 2 წუთში.

მე-შეტყობინება

გქონიათ განცდა, რომ თითქოს შვილს ზუსტად ვერ აგრძნობინეთ, რა ემოციას იწვევს თქვენში მისი საქციელი?

ამერიკელი ფსიქოლოგის თომას გორდონის მიერ შემუშავებული ტექნიკა “მე-შეტყობინება” გვეხმარება შვილებისთვის გასაგებ ენაზე გამოვხატოთ ემოციები

შვილების ქცევებს მშობლები ხშირად არაეფექტურად ვპასუხობთ და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სარისკო საკომუნიკაციო ენას ვიყენებთ. ჩვენი ემოციის შვილისთვის გადასაცემად რეკომენდირებულია მე-შეტყობინების გამოყენება.

მე-შეტყობინება

მე-შეტყობინება კომუნიკაციის ფორმაა, რომელიც გვეხმარება ბავშვს მის ენაზე ავუხსნათ ჩვენი ემოციები. მისი საშუალებით ბავშვი სწორად იგებს, რომელი ქცევაა დაწუნებული ანდა მოწონებული, როგორ მოქმედებს მშობლებზე მისი ასეთი ქცევა და რას განაცდევინებს მათ. 

მე-შეტყობინებისას მშობელი გამოხატავს ამა თუ იმ გრძნობას გარკვეული ქცევის მიმართ, რომელიც ბავშვმა ან მოზარდმა ჩაიდინა. მე-შეტყობინების წყალობით, არ ხდება ადამიანის შეფასება, შეურაცხყოფა, დაკნინება ან დაწუნება, არამედ მშობელი გამოყოფს შვილის კონკრეტულ ქცევას და ხდება მხოლოდ ამ საქციელის შეფასება.

იმისათვის, რომ მე-შეტყობინება სწორად იქნეს მშობლის მიერ გამოყენებული, აუცილებელია ეს შეტყობინება 3 ნაწილისგან შედგებოდეს:

  1. მშობლის განცდა;
  2. არასასურველი, ან სასურველი ქცევის აღწერა;
  3. ამ ქცევის გავლენა მშობელზე.
  • „მე გაბრაზებული ვარ შენი უპატივისმცემლო საქციელით, გამიხარდება თუ მეორედ ასე აღარ მოიქცევი“;
  • „მე აღშფოთებული ვარ, შენ რომ სიმართლე დამიმალე და ძალიან განაწყენებული ვარ შენი ასეთი საქციელით“.

თუმცა უმჯობესია, თუ მშობლები მე-შეტყობინებას გამოიყენებენ დადებითი ქცევების ასაღნიშნად და გასამტკიცემლად:

  • „მე ძალიან მიხარია, შენ რომ დროულად მოხვედი და არ მანერვიულე“;
  • „მე ბედნიერი ვარ, შენ რომ ასე ბეჯითად სწავლობ“;
  • „მე მოხარული ვარ, შენ რომ გამოცდა წარმატებით ჩააბარე“.

ასეთი ფრაზების მოსმენის შემდეგ ბავშვი/მოზარდი თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად არ გრძნობს. ის ხდება მეტად თავდაჯერებული, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, იღებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას და არ უჩნდება გაპროტესტების სურვილი.

მაგ: მოზარდმა მშობელთან მიღებული შეთანხმება დაარღვია და სახლში გვიან ბრუნდება.

არასწორი კომუნიკაციაა:

  • მამა: მე განრისხებული ვარ შენზე.
  • შვილი: ვიცი დავიგვიანე.
  • მამა: მართლაც გავბრაზდი, ამდენი ხანია გიცდი და ვერ დავიძინე.
  • შვილი: დაგეძინა მერე რა იყო სანერვიულო.
  • მამა: როგორ დავიძინებდი, ვნერვიულობდი.

სწორია

  • მამა: მე ძალიან შემეშინდა, მეგონა რაღაც მოხდა.
  • შვილი: ხო დამაგვიანდა.
  • მამა: ძალიან მიხარია რომ მოხვედი, შვებით ამოვისუნთქე.
  • შვილი: ვწუხვარ, რომ განერვიულე.
  • მამა: შენ რო დაგინახე დავმშვიდდი, შემდეგში უმჯობესი იქნება, გამაფრთხილო რო გაგვიანდება.
  • შვილი: ვწუხვარ, დრო ისე გავიდა ვერ გავიგე, შემდეგში გაგაფრთხილებ.

თომას გორდონის მიერ შემუშავებული კიდევ ერთი ტექნიკა – აქტიური მოსმენა, გვეხმარება შვილებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვაში

უცხოური რესურსები:

I-message on Wikipedia

What are the Essential Components of an I-Message?

მომზადებულია ნანა ჩაჩუას ფსიქოლოგიური ცენტრისა და ჰაპის გუნდის მიერ

შეამოწმე შვილის განვითარება

შეამოწმე რა შედეგზე ხარ გასული შვილის განვითარებაში

თან აღმოაჩინე სახალისო აქტივობები

გააზიარე და გაავრცელე ❤️
  • 2
    Shares