მასტურბაცია და პორნოგრაფია

იკითხება 5 წუთში.

ადამიანის სექსუალური განვითარება დაბადებიდან იწყება და გადის განვითარების გარკვეულ ეტაპებს. სექსუალობა თითოეულ ეტაპზე განსხვავებული ფორმით ვლინდება და ასევე, განსხვავებულ მნიშვნელობასაც იძენს.

სექსუალური განათლება გულისხმობს ბავშვისთვის სამეცნიერო, ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური ინფორმაციის მიწოდებას, ადამიანის სხეულის სტრუქტურის, სასქესო ორგანოს აგებულებისა და დანიშნულების, ბუნებრივი სექსუალური გამოვლინებების ნორმის შესახებ. ეს კი საუკეთესო პრევენციის შესაძლებლობაა ადრეული ინტიმური ურთიერთობის, ორსულობის, აბორტის, სხვადასხვა ვენერიული დაავადებების, სექსუალური ძალადობისგან თავის დაცვის მიზნით და, რაც მთავარია, მშობლის მხრიდან ასეთი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ მშობელსა და შვილს შორის სექსუალობის საკითხების შესახებ ღია საუბრის ბარიერი იხსნება.

მოზარდი შეძლებს ნებისმიერ წინააღმდეგობასთან, გაურკვევლობასთან დაკავშირებით უშუალოდ მიმართოს დედას ან მამას. ამით იგი დაზღვეული იქნება შემთხვევითი რჩევისაგან და ამავდროულად მიიღებს შესაბამის დროულ დახმარებას.

მასტურბაცია და პორნოგრაფია

თუმცა სქესობრივი აღზრდის და სექსის თემა ოჯახში ხშირად ტაბუდადებულია. მშობლები არ არიან მზად ბავშვების კითხვებზე კომპეტენტური და გულწრფელი პასუხების გასაცემად, არც მათთან ამ საკითხებზე სასაუბროდ და, უფრო მეტიც, შესაძლებელია მათი არასწორი დამოკიდებულება და შეფასება ბავშვისთვის ფსიქოლოგიურად მატრამვირებელიც კი აღმოჩნდეს

როცა მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვი საკუთარი სასქესო ორგანოთი მანიპულირებს – მასტურბირებს

თუ ასეთ დროს მშობელმა არ იცის, რომ ბავშვისთვის საკუთარი სასქესო ორგანოთი თამაში და ამგავარად სიამოვნების მიღება ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესია, აღშფოთებული იწყებს ბავშვის გაკიცხვას („უსირცხვილო“, „როგორ არ გრცხვენია“), კრიტიკას („უზრდელო“, „გარყვნილო“), დაშინებას („მეორეჯერ თუ ხელს მოიკიდებ, ექიმთან წაგიყვან“). მშობლის მხრიდან მსგავსი არასწორი დამოკიდებულება ბავშვისთვის / მოზარდისთვის შეიძლება მატრავმირებელი აღმოჩნდეს და ზრდასრულობაში სხვადასხვა ტიპის სექსუალური დარღვევა ჩამოყალიბდეს:

  • ფრიგიდულობა (ანუ სექსუალური ლტოლვის ნაკლებობა)
  • სექსუალური ურთიერთობის შიში
  • საპირისპირო სქესთან ურთიერთობის შიში
  • სირცხვილი
  • დანაშაულის განცდა
  • ვაგინიზმი
  • დონჟუანობის სინდრომი
  • აღვირახსნილობა ან სრული თავშეუკავებლობა
  • ორგაზმის მიღების სირთულე
  • პერვერსიები (გაუკუღმართება) და ა.შ.

განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდებათ მშობლებს, რომ ბავშვმა დამატებითი ტრავმა არ მიიღოს იმის გამო, რომ მისი სექსუალობასთან დაკავშირებული ესა თუ ის საკითხი სხვებთან ან სხვების თანდასწრებით იყოს განხილული.

როდესაც ბავშვს აქვს კითხვები და ეძებს პასუხებს

როდესაც ბავშვს ადრეული ასაკიდან ინტერესი, კითხვები უჩნდება ამ თემებთან მიმართებაში, ოჯახში კი ამაზე არავინ ესაუბრება, საკუთარი მოთხოვნილებისა და ინტერესის დასაკმაყოფილებლად, ინფორმაციას არასანდო წყაროებიდან მოიძიებს: უფროსი და-ძმა, მეგობრები, ინტერნეტი, პორნო ვიდეოები, რამაც შესაძლოა დაამახინჯოს ბავშვის წარმოდგენები სექსუალურ ცხოვრებაზე.

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები სქესობრივი განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე, როცა ისინი ამჩნევენ, რომ ბავშვი მასტურბირებს

მასტურბაციის დროს ადამიანები საკუთარ გენიტალიებს ეხებიან სიამოვნების მიღების მიზნით, რაც საბოლოოდ, შეიძლება ორგაზმით დასრულდეს. კვლევებით დადგენილია, რომ მასტურბაცია ბიჭებში უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე გოგონებში.

3 წლამდე

სექსუალობის პირველი ეტაპი ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკიდან იწყება, ბავშვი უდიდეს სიამოვნებას იღებს როცა მშობლებს, მასზე მზრუნველ ადამიანებს ხელში უჭირავთ, ეხებიან, ეფერებიან, კოცნიან, ძუძუს ან საწოვარას აწოვებენ. ბავშვისთის მსგავსი სითბოს, სიყვარულის, მზრუნველობის გამომხატველი დამოკიდებულება აუცილებელია ჯანსაღი განვითარებისთვის, რადგან ასეთ გარემოში ის თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს.

ჩვილი საკუთარი სხეულის შემეცნებას ცდილობს, აკვირდება საკუთარ ხელებს, თითებს, ამოძრავებს მათ და სრულიად შემთხვევით შესაძლებელია საკუთარ სხეულს ან სასქესო ორგანოს შეეხოს, რაც ასევე სიამოვნებას მიანიჭებს. ბავშვს ისევე როგორც დიდს, სასქესო ორგანოსთან შეხების შემთხვევაში დაბადებიდან აქვს სიამოვნების შეგრძნება, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. ამავე პერიოდში შესაძლებელია ჩვილმა ჩაძინების მომენტში საკუთარი თავის, სასქესო ორგანოს სტიმულირება შეძლოს (პამპერსის ან სათამაშოს მოძრაობის მეშვეობით). მშობლის რეაქცია ამ დროს უნდა იყოს მშვიდი, შესაძლებლია ცოტა ხანი ხელში აიყვანოს ან თამაში დაიწყოს მასთან, ნებისმიერი რამ შეუძლია გააკეთოს ბავშვის ყურადღების გადასატანად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გაბრაზება, ჩხუბი არ შეიძლება. თანაც ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს და ამტკიცებს ამ ქცევას.

3-4 წელი

შემდეგი ეტაპი იწყება, როცა ბავშვები სიარულს სწავლობენ. ამ ასაკის ბავშვისთვის ჩახუტება, კოცნა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მას ეფერებიან ის უფრო თავდაჯერებულია და თავს მეტად უსაფრთხოდ გრძნობს. ნელ-ნელა ბავშვები განასხვავებენ სქესს, ცნობისმოყვარედ ათვალიერებენ სხვის სხეულს, აკვირდებიან მათ სასქესო ორგანოებს. 3-4 წლის ბავშვებს დაბანის და გამოყოფის (შარდის, განავლის) ფუნქციის განხორციელებისას განმარტოების სურვილი უჩნდებათ. შეუძლიათ დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ სასქესო ორგანოების ჰიგიენას, უფროსების დახმარების გარეშე. ბავშვები უფრო მხიარულად თამაშობენ საკუთარი სასქესო ორგანოთი.

აქაც, ისევე როგორც წინა ეტაპზე აღვნიშნეთ, ეს ნორმალურ, ტიპურ ქცევად ითვლება ბავშვისთვის და ამ ასაკშიც მშობელს ადვილად შეუძლია ყურადღება გადაატანინოს. მაგალითად, თუ უფროსი ხედავს რომ ბავშვი ტელევიზორს უყურებს, ხელი ტრუსში აქვს ჩაყოფილი, შეუძლია მივიდეს მასთან, ჩამოჯდეს მის გვერდით და რაიმე სათამაშო მიაწოდოს, ან შეიძლება დაუძახოს და დახმარება სთხოვოს: „ძალიან გამიხარდება თუ შეძლებ ჩემს დახმარებას“, „შეგიძლია დამეხმარო და მომაწოდო….“ და მისი საქმიანობიდან გამომდინარე ნებისმიერი ნივთის მიწოდებას სთხოვს, რათა იმ სასიამოვნო პროცესიდან ყურადღების გადართვა მოხდეს.

ოღონდაც ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ბავშვი ვერაფერს ვერ მიხვდეს, მას არავითარ შემთხვევაში განცდა არ უნდა გაუჩნდეს, რომ რაიმე ცუდს აკეთებს და მშობელი სწორედ ამიტომ მივიდა მასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სირცხვილის და დანაშაულის განცდა გაუჩნდება, რომელიც შემდგომში, მის სექსუალურ ცხოვრებაში გარკვეულ სირთულეებს და სექსუალური ქცევის გაუკუღმართებას გამოიწვევს.

5 წელი

ამ პერიოდში ბავშვებში მეტი მორიდებულობა იჩენს თავს და ხვდებიან რომ საკუთარი სასქესო ორგანო არ უნდა გამოაჩინონ. თამაშობენ როლურ თამშებს, სადაც გენდერული როლებია: ოჯახობანა, ექიმობანა, ომობანა და ა.შ მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ასაკში ბავშვებს დიდი ინტერესი და სურვილი უჩნდებათ სექსუალური ტიპის თამაშების მიმართ. ეცნობიან სასქესო ორგანოებს დეტალურად და მანიპულირებენ მისით.

ასაკობრივი ინტერესების შესაბამისად მშობლებს შეუძლიათ ბავშვებს ისეთი წიგნები აჩვენონ, სადაც შიშველი ადამიანის ნახატები იქნება, მოახდინონ სასქესო ორგანოების ლიტერატურული სახელდება, რათა ბავშვებმა იმთავითვე მიიღონ ის ფაქტი, რომ სასქესო ორგანოებიც ისეთივე ნაწილია სხეულის, როგორც ცხვირი, თვალი, ყური და ა.შ. მშობლებმა მნიშვნელოვანია ასწავლონ საუთარი და სხვისი სხეულებრივი საზღვრების პატივისცემა. დაიცვან ძალადობისგან. ამით ბავშვი შეძლებს გააცნობიეროს, თუ რა არის ძალადობრივი მოქმედება:

  • „არავის აქვს შენს სასქესო ორგანოსთან შეხების უფლება. ასეთ დროს შეგიძლია თქვა „არა“ და სასწრაფოდ წამოხვიდე იმ ადგილიდან, შემდგომ კი მშობლები ჩააყენე საქმის კურსში.”
  • „თუ სხვა ადამიანს არ სიამოვნებს შენი შეხება, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო მისი სურვილი და თავი დაანებო.“

6-9 წელი

ამ ასაკში ბავშვებს უფრო მეტად უჩნდებათ განმარტოების სურვილი, მარტო თამაში და მეტია ალბათობა, რომ ამ დროს სასქესო ორგანოს სტიმულირებით იყოს დაკავებული. ბავშვებში მასტურბაცია შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურ ქცევად, რომელიც დაკავშირებულია მის სექსუალურ განვითარებასთან. მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც ბავშვი უკვე საკმაოდ შეგნებულ ასაკში განაგრძობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: ბაღში ან დაბადების დღეზე, ან მშობელს ეჭვი აქვს, რომ სხვა მოზარდიდან ან ბავშვისგან აქვს დასწავლილი ან ცდილობს სხვების პროვოცირებას, ასეთ შემთხვევებში მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს კონსულტაციისთვის.

ამ ასაკში იმდენად დიდია ინტერესი სექსუალობის თემის მიმართ, რომ, თუ მშობლებისგან არ იქნება ინფორმირებული, შესაძლოა კითხვები არასწორი მიმართულებით დასვას და შესაბამისად პასუხებიც სხვადასხვა არაკომპეტენტური წყაროებიდან მიიღოს, რაც მისთვის ძალიან გაურკვეველი და დამაბნეველი იქნება.

ბავშვისთვის კიდევ უფრო რთული და მატრამვირებელია, როცა მშობლისგან არანაირი ინფორმაცია არა აქვს მიღებული და სრულიად შემთხვევით, ან იმიტომ, რომ ინტერესი ჰქონდა, ან ვინმემ ურჩია, უყურა პორნოგრაფიას, მას შეიძლება გაუჩნდეს გარკვეული შიშები და თავი იჩინოს ყველა იმ დარღვევამ, რომელიც სექსუალურ პროცესებთან არის დაკავშირებული. გამომდინარე იქიდან, რომ მშობელმა არ იცის, რა ზეგავლენა მოახდინა ბავშზე პორნოგრაფიის ყურებამ, უმჯობესია მიმართოს სპეციალისტს კონსულტაციისთვის.

10-11 წელი

ამ ასაკში მოზარდი თინეიჯერები უკვე საკუთარი სხეულის სრულად გაცნობას ცდილობენ, საკმაოდ აქტიურად განიხილავენ ამ თემებს სამეგობრო წრეებში. უჩნდებათ საპირისპირო სქესისადმი ინტერესი, მეტად ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე და საკმაოდ ხშირად არიან დაკავებული მასტურბაციით. თუ მშობელი მოზარდს შემთხვევით შეუსწრებს, სასურველია არავითარი რეაქცია არ გამოხატოს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი აუხსნას ბავშვს, რომ ეს ბუნებრივი მოთხოვნილებაა და ამგვარადაც ხდება დაკმაყოფილება. ფიზიოლოგიური მომწიფების შემდეგ კი ასაკის შესაბამისად წარიმართება მისი სექსუალური ცხოვრება. თუ კიდევ შეამჩნევს, მაშინ მშობელს შეუძლია აუხსნას ჰიგიენის ნორმები და, რომ ამ დროს განმარტოებული უნდა იყოს. თუ მოზარდი საკმაოდ ხშირად არის ამ საქმით დაკავებული და, შეიძლება ითქვას, დამოკიდებული გახდა, მაშინ აჯობებს მშობლებმა სპეციალისტს მიმართონ.

ყველაფერი წესრიგშია, როცა…

ბავშვთა და მოზარდთა მასტურბაცია არ შედის ფსიქიკური აშლილობების ჩამონათვალში. თუ ადამიანი საკუთარ თავთან ჰარმონიაშია და ეს არ უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს, როგორიცაა, მაგალითად, ძილი, უფროსებთან და თანატოლებთან ურთიერთობა, თამაში, სწავლა და არ არის ობსესიურ-კომპულსიური ელემენტები (არაკონტროლირებადი), მაშინ ყველაფერი წესრიგშია.

პორნოგრაფიის საფრთხეები

პორნოგრაფიის ყურებას, თუ მას არ აქვს დამოკიდებულებითი ხასიათი და ადრეულ ასაკში არ ხდება, და თან მანამდე ინფორმირებული იყო ამ თემასთან დაკავშირებით, ასევე არ არის საშიში. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ თუ პორნოგრაფია სექსუალური განათლების მთავარი წყაროა, მოგვიანებით მამაკაცები ცდილობენ გაიხსენონ და გაიმეორონ პორნო სცენები რეალობაში. ეს კი შეიძლება გახდეს პრობლემა, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანებს აქვთ არარეალური მოლოდინები საკუთარი სხეულის, პარტნიორის და თავად სექსუალური აქტის მიმართ. ცოცხალი, რეალური პროცესის შედარება იმ იდეალურ სურათთან, რაც ეკრანზე ნახა, იწვევს ნაკლებ სიამოვნების მიღებას.

მომზადებულია ნანა ჩაჩუას ფსიქოლოგიური ცენტრისა და ჰაპის გუნდის მიერ

შეამოწმე შვილის განვითარება

შეამოწმე რა შედეგზე ხარ გასული შვილის განვითარებაში

თან აღმოაჩინე სახალისო აქტივობები

გააზიარე და გაავრცელე ❤️

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *