არასრულწლოვანის 6 კრიზისული პერიოდი – გვეშინოდეს, თუ ნორმალურია?

იკითხება 4 წუთში.

რა არის კრიზისული პერიოდი?

ეს განვითარების ახალი ეტაპია, როცა ბავშვი ახალი გამოწვევების წინაშეა და მისი დაძლევის შემთხვევაში ის განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადადის. ნებისმიერი ბავშვის ნორმალური განვითარებისთის ასაკობრივი კრიზისი გარდაუვალი მოვლენაა. თუმცა ეს პროცესი თითოეული მათგანისთვის ინდივიდუალურია. კრიზისი შეიძლება ზუსტად იმ ასაკში არ დაიწყოს, რა პერიოდიც ზემოთ არის მითითებული და ცოტა ადრე ან გვიან გამოვლინდეს.მოზარდში კრიზისული პერიოდი მწვავდება, როცა მშობლები შვილის ავტონომიურობის მცდელობას ზღუდავენ, მის მიმართ მხარდაჭერას და წახალისებას არ გამოხატავენ, ხშირად საყვედურობენ და ეჩხუბებიან. ხოლო რაც უფრო მეტი სიყვარული, ურთიერთგაგება და სითბოა ოჯახში, მით უფრო ადვილია ნებისმიერი სირთულის გადალახვა.

ხასიათის ცვალებადობასთან დაკავშირებული კრიზისული ეტაპები ბავშვის / მოზარდის განვითარებაში ასე კლასიფიცირდება:

  • ახალშობილის კრიზისი
  • პირველი წლის კრიზისი
  • 3 წლის კრიზისი
  • 7 წლის კრიზისი
  • 13 წლის ასაკის კრიზისი
  • 17 წლის ასაკის კრიზისი.

ახალშობილის კრიზისი

ბავშვის დაბადება თავისთავად კრიზისულ ეტაპს წარმოადგენს, რადგან აქამდე ჩვეული მდგომარეობის ანუ დედის ორგანიზმის დატოვება და სრულიად ახალი, ჯერჯერობით უცხო გარემოსთან შეხვედრა და ადაპტირების რთული, თუმცა ბუნებრივი პერიოდი თავისთავად სტრესორად ითვლება. ეს პერიოდი დაახლოებით 1-2 თვე გრძელდება. ორი თვის ასაკში ბავშვს შეუძლია „ფსევდო დიალოგი“ გამართოს მშობელთან. მშობელმა ამ პერიოდში ჩვილის მიმართ აუცილებელია მაქსიმალური ყურადღება, ზრუნვა და სითბო გამოხატოს, როგორც ვერბალურად, ისე არავერბალურად, რათა უფროსის მიმართ საიმედო მიჯაჭვულობა ჩამოუყალიბდეს. პირველი თვეები ყველაზე რთული პერიოდია როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისვთის. როდესაც კრიზისი ჩაივლის, ჩვილი უკვე ადაპტირებულია გარემოსთან და თავისი პირველი სოციალური კონტაქტების დალაგებას, აწყობას ცდილობს უახლოეს გარემოცვასთან – მშობლებთან, მომვლელთან და ა.შ.

პირველი წლის კრიზისი

ბავშვმა 1-2 წლის ასაკში შეიძლება გამოავლინოს ნეგატივიზმი, რომელიც უფროსების მხრიდან სხვადასხვა სახის შეზღუდვების, შენიშვნების, აკრძალვების და მათ შორის უთანხმოების შედეგად ჩნდება. ამ პერიოდში ბავშვი ხშირად აწყდება ისეთ სიტუაციას, სადაც „მინდა“ და „საჭიროა“ თანხვედრაში ვერ მოდის და ეს მის უკმაყოფილებას იწვევს (მაგალითად: შეიძლება უნდა თამაში მაშინ, როცა უფროსს დასაძინებლად ან ხელის დასაბანად მიყავს). ამ პერიოდში შესაძლებელია ბავშვმა სხვდასხვა სახის აფეთქება, გაღიზიანება და აგრესია გამოავლინოს: ტირილი, ყვირილი, გაბუტვა, იატაკზე გაწოლა, წყენა, შესაძლოა უფროსს სათამაშო ესროლოს და ა.შ. ბავშვს ამ ასაკში დამოუკიდებლად კეთების სურვილი უჩნდება.პირველი წლის კრიზისის დროს მნიშვნელოვანია მშობელმა გამოიჩინოს მოთმინება, ტაქტი და გონივრულობა.ყვირილს, დასჯას, საყვედურს ყოველთვის არასასურველ შედეგებთან მივყავართ. ჭირვეულობის დროს ბავშვს უმჯობესია ყურადღება გადავატანინოთ სხვა რამეზე (მაგალითად, გავახედოთ ფანჯარაში, დავანახოთ ჩიტი…) ან შევეცადოთ მასთან შეთანხმების მიღწევას. თუ ბავშვს რაიმეს კეთებას უკრძალავთ ან უშლით, აუცილებელია, აუხსნათ მიზეზი, რატომ არ აძლევთ გაკეთების უფლებას.მშობელმა ბავშვის დამოუკიდებლობისკენ მისწრაფება აუცილებელია წაახალისოს (მაგ: როცა ბავშვი დამოუკიდებლად ჩაიცვამს, მშობელმა აუცილებლად უნდა აღნიშნოს: „როგორ მიხარია შენით რომ შეძელი ჩაცმა“, „როგორ კარგად შეძელი ჩაცმა! ძალიან გამახარე!”). წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვის ინიციატივა არ იქნება წახალისებული და მას საკუთარი თავის მიმართ ნდობას ბზარი გაუჩნდება. მაგალითად, მოგვიანებით ის მარტივი მითითებების და დავალებების შესრულებაზეც კი უარს იტყვის. ამას ახსნის იმით, რომ არ შეუძლია გაკეთება.

3 წლის კრიზისი

ერთ-ერთი ყველაზე რთული კრიზისული პერიოდია. ამ ასაკში ბავშვი რთულად აღსაზრდელი ხდება, მასთან საერთო ენის გამონახვა საკმაოდ ძნელია. პატარა ცდილობს წინ აღუდგეს უფროსებს, გააპროტესტოს მათი ნებისმიერი მითითება. აჩვენოს მათ, რომ შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება. ამ ასაკში შესაძლოა გამოვლინდეს:ამ ეტაპზე ბავშვში თვითნებობა, სიურჩე და ამბოხი შეიძლება გამოვლინდეს

კრიზისული პერიოდი - 3 წლის კრიზისი

ნეგატივიზმი

ბავშვის ყველა ქცევა და რეაქცია ეწინააღმდეგება უფროსის მიერ შეთავაზებულს, უარს ამბობს რაღაცის გაკეთებაზე, არა იმიტომ, რომ ნამდვილად არ სურს, არამედ იმიტომ, რომ უფროსმა სთხოვა (შეიძლება ძალიან უნდა რამის თამაში, მაგრამ თუ ამას მშობელი სთხოვს, არ ითამაშებს).

თვითნებობა

ბავშვის დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა ძალიან მკვეთრადაა გამოხატული, მისგან ხშირად ისმის ფრაზა: „მე თვითონ!“. თუ მას არ აძლევენ დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობას, მას წყინს და შეუძლია აგრესიაც გამოხატოს.

ჟინიანობა

ბავშვი ოჯახში აქამდე არსებულ ცხოვრების სტილს, ყველა წესს და აღზრდის ფორმას უარყოფს. უარს ამბობს დაძინებაზე, ჭამაზე, სახლიდან გასვლაზე და ა.შ. აქ წარმოიქმნება წინააღმდეგობა შეთავაზებულ ნორმასა და სურვილს შორის, რასაც გამოხატავს აგრესიული, დაჟინებული და დაუსაბუთებელი მოთხოვნებით (მაგ., „არა, არ მინდა!”, „არა, არ ვიცი, არ ვიცი, არ გავაკეთებ!”)

სიჯიუტე, ჭირვეულობა

ახასიათებს ბავშვის მიერ თავისი სურვილის გატანის მისწრაფება. სიჯიუტე ვლინდება როცა ის ამას აკეთებს არა იმიტომ, რომ ნამდვილად სურს, არამედ იმიტომ, რომ მან მოითხოვა. ამგვარად, ჭირვეულობის მოტივს ბავშვის მიერ დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს – მან ასე თქვა, მას ასე სურს, მას უნდა საკუთარ ინდივიდუალობას გაუსვას ხაზი, მოახდინოს მისი დემონსტრირება.

გაუფასურება

ამ პერიოდში ბავშვს უფროსი ადამიანის მიმართ, ვის მითითებასაც მანამდე უსიტყვოდ ასრულებდა, პირველად უჩნდება კრიტიკულობა. მაგალითად,: ბავშვმა შესაძლოა მშობელი, ოჯახის სხვა წევრი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიოს ან მიაწეროს ცუდი თვისებები. ამით ის ცდილობს მათ გაუფასურებას, რითაც ის გაურბის პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავზე.

პროტესტი-ამბოხი

პრაქტიკულად ბავშვის ქცევის ყველა ასპექტი ატარებს პროტესტულ ხასიათს, თანაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ისე იქცევა თითქოს გარშემომყოფებთან კონფლიქტი, ომი აქვს გაჩაღებული.

დესპოტიზმი ან ეჭვიანობა

ერთშვილიან ოჯახში ბავშვმა შესაძლოა დესპოტიზმის ნიშნები გამოავლინოს – უფროსებმა უნდა აკეთონ ის, რაც მას სურს. ოჯახში, სადაც რამდენიმე ბავშვია, უფრო ხშირად გვხვდება ეჭვიანობის სიმპტომი პატარა ან უფროსი დედმამიშვილის შემთხვევაში.

7 წლის ასაკის კრიზისი

ამ ასაკში ბავშვი ახალი სოციალური კონტაქტებისკენ მიისწრაფის და ახალ სოციალურ სტატუსს – მოსწავლის სტატუსს მოიპოვებს. ის ასევე დამოკიდებულია გარშემომყოფების შეფასებებზე. კრიზისის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მშობლები მას როგორც მცირეწლოვანს, ისე ექცევიან. სკოლაში კი მას მაღალ მოთხოვნებს უყენებენ როგორც სწავლის, ასევე ქცევის თვალსაზრისით. ამ მიდგომებსა და მოთხოვნებს შორის არსებული სხვაობა ბავშვებში იწვევს პროტესტს. ამ პერიოდში ბავშვი მშობლებს ხშირად ეკამათება, აპროტესტებს მოთხოვნებს და თავის დასაცავად არგუმენტებს ეძებს. ცდილობს უფროსებივით დამოუკიდებელი იყოს და ისე მოიქცეს. ასევე დამახასიათებელია ე.წ. „პაუზები“. ნებისმიერ თხოვნას, მითითებას, ბრძანებასა და ბავშვის რეაქციას შორის ერთგვარი პაუზა ჩნდება, თითქოს მას არ ესმის, რას ეუბნებიან.ამ ეტაპზე გარშემომყოფების შეფასება ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კრიზისული პერიოდი - 7 წლის კრიზისი

13 წლის კრიზისი 

მოზარდობის ასაკის კრიზისი განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა და ძალიან გავს 3 წლის ასაკის კრიზისს. ამ პერიოდში მოზარდის ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის (ბავშვობიდან მოზრდილობაში), რომლისთვისაც დამახასიათებელია შემდეგი გამოვლინებები:

ემოციური არასტაბილურობა

გამოწვეულია ძირითადად ჰორმონალური ცვლილებებით. მოზარდებს ხშირად, შესაძლოა უმიზეზოდაც შეეცვალოთ გუნება-განწყობილება, მათთვის რთულია საკუთარი გრძნობებისა და ემოციების კონტროლი.

სურვილი „ვიყო დიდი“

მოზარდს არ უნდა გამოიყურებოდეს, საუბრობდეს და იქცეოდეს ისე, როგორც ბავშვი. ამიტომ თავისი მანერულობით, ქცევით, საუბრით, ჩაცმულობით ცდილობს დაემსგავსოს უფრო დიდ ადამიანს. უფროსად ყოფნის მიდრეკილება ამ ეტაპის კრიზისისთვის დამახასიათებელია.

კრიზისული პერიოდი - 17 წლის კრიზისი

17 წლის კრიზისი 

როგორც წესი ამ პერიოდის კრიზისი ახალი ცხოვრების დაწყების ეტაპიდან დგება, როცა მოზარდი სკოლას ამთავრებს. ამ ასაკში ახალი სახის შიშები იჩენს თავს (ახალი ცხოვრების, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების და ა.შ.), რომელსაც პიროვნული, სულიერი, სოციალური და პროფესიული თვითგამორკვევის პრობლემები ახლავს თან. თუმცა მოზარდის ინტერესებსა და მისწრაფებებში წამყვან ადგილს თვითგამორკვევის მოტივები და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მზადება იკავებს.ასაკობრივი კრიზისი ბავშვის განვითარების ნორმალური და გარდაუვალი პროცესია. ამ კრიზისულ პერიოდს ბავშვებთან ერთად მშობლებიც გადიან და უჭირთ როგორც შვილის, ასევე საკუთარი თავის მართვა. ყველა მშობელმა გაიხსენოს საკუთარი ბავშვობა, მსგავსი განცდები ყველას ჰქონია, ამიტომ უფროსებმა მაქსიმალური მოთმინება უნდა გამოიჩინონ და საკუთარი შვილების მიმართ თანაგრძნობა, მხარდაჭერა გამოხატონ. მშობელი ბავშვს ყოველთვის თანატოლივით, პარტნიორივით უნდა ესაუბროს, შესაძლებლობა მისცეს გამოთქვას საკუთარი აზრი და დაამყაროს პატივისცემაზე და ურთიერთგაგებაზე აწყობილი ურთიერთობა.

გააზიარე და გაავრცელე ❤️

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *