დღის განრიგის მნიშვნელობა

იკითხება 3 წუთში.

ყველა ბავშვს, მოზარდსა თუ ზრდასრულ ადამიანს სჭირდება დღის განრიგი, გარკვეული გეგმა, რათა თავისი ენერგია და დრო ეფექტურად გადაანაწილოს, ამოცანები დაგეგმოს და ნაყოფიერად შეასრულოს.

ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა ჩვენს ცხოვრებას არც მოსაბეზრებელსა და მოსაწყენს გახდის, არც მშრალ, წინასწარ განსაზღვრულ რუტინად გადააქცევს. არასწორად გვგონია, რომ დღის გრაფიკი მრავალფეროვნებისა და შემოქმედებითობის საწინააღმდეგო პირობაა.

დღის განრიგი

ის, რაც გვათავისუფლებს

ყოველდღიური ჩვევები და რუტინული ამოცანები ჩვენს ტვინს ათავისუფლებს მუდმივად დაძაბულ, გადაწყვეტილებების მიღების რეჟიმში ყოფნისაგან, აძლევს საშუალებას გამოიყენოს „უფრო მაღალი შესაძლებლობები“ და სრულიად ახალი ტიპის გამოწვევებისთვის განვითარდეს.

უილიამ ჯეიმსი, ფილოსოფოსი

რეალურად ჩვენ გვჭირდება ფიქრი იმაზე, თუ რა მივირთვათ საუზმეზე, როგორი მარშრუტით წავიდეთ სასწავლებელში ან სამსახურში, როდის ვივარჯიშოთ ან ვისწავლოთ და ა.შ. ამ დროს ჩვენი შემოქმედებითი უნარები, გონებისა და ნების ძალა ფოკუსირებულია იმ მარტივი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც შეიძლებოდა ჩვევად ან ჩვეულებად გადაგვექცია. ამგვარად ჩვენს გონებას, ჩვენს მთელ ფსიქიკურ ძალებს მივმართავთ იმ სიახლეების აღმოსაჩენად, რომლებიც ყოველთვის უხვადაა ყოველდღიურობაში. თუმცა ვერ ვაცნობიერებთ, რომ იმ მარტივ მოქმედებებს ვუძღვნით მთელს ძალისხმევას, რომლებიც თურმე შეიძლებოდა უბრალო ჩვევებად ქცეულიყო.

სწორედ წინასწარ შემუშავებული განრიგი ქმნის საბაზისო პირობებს მრავალფეროვანი და მდიდარი გამოცდილებებისთვის.

ჩვენი კომფორტის ზონა

დღის განრიგი და რუტინა ჩვენი კომფორტის ზონაა. მასში ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი გამჭირვალეა, რადგან თითქმის ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია. ამგვარად ბავშვები, მოზარდები და ჩვენც, ზრდასრულები, ვთავისუფლდებით ზედმეტი დაძაბულობისაგან, ზეწოლისაგან და კომფორტულ სივრცეს ვიქმნით.

ყოველდღიური განმეორებადი მოქმედებებისა და ჩვევების სახით ჩვენი ფსიქიკური შენობის მყარი საძირკველი იგება, რაც თავისთავად ნაკლები სტრესის, დაძაბულობის განცდას იწვევს, როდესაც რაიმე სიახლის წინაშე აღმოვჩნდებით.

სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდა

დღის განრიგი და რუტინა ბავშვის ემოციურ, კოგნიტურ და სოციალურ განვითარებაზე დადებითად მოქმედებს.ბავშვებსა და მოზარდებს სჭირდებათ სტაბილური გარემო. ისინი თავს უსაფრთხოდ და დაცულად, მშვიდად და კომფორტულად გრძნობენ. მათ წინასწარ იციან, რა აქვთ გასაკეთებელი და რა შედეგის მომტანი იქნება კონკრეტული საქმიანობა, უადვილდებათ გაიგონ, რას მოელის სამყარო და ირგვლივ მყოფი ადამიანები მათგან. ეს ყველაფერი კი თავისთავად ამცირებს პრობლემური ქცევის წარმოშობას.

უმჯობესია, თუკი საკუთარი დღის დაგეგმვაში ბავშვი აქტიურად იქნება ჩართული

თვითკონტროლი და თვითრეგულაცია

ამგვარად, ბავშვისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს დღის რეჟიმის წინასწარ და სწორად დაგეგმვას და პროგნოზირებად სიტუაციას. ბავშვი ასე საკუთარი თავის კონტროლს სწავლობს, რაც ხელს უწყობს დამოუკიდებლობას და თვით-რეგულაციის უნარის განვითარებას, განსაკუთრებით კი დროის შეგრძნებას.განრიგი, რომელიც ითვალისწინებს ბავშვების არჩევანს, მათ შესაძლებლობებსა და უნარებს, დაბალანსებულ და დაგეგმილ ფიზიკურ აქტივობებსა და ინდივიდუალურად მორგებულ დავალებებს, უზრუნველყოფს ბავშვების ჩართულობას ყოფითობაში და თავიანთ საქმიანობაზე პასუხისმგებლობის ზრდას.

დროის სტრუქტურირება

რუტინის კიდევ ერთი სარგებელი ის არის, რომ ადამიანს დროის ორგანიზებას სწავლობს. ჩვევები, რომელსაც ყოველდღიურად ვანხორციელებთ დღის უფრო გონივრულ დაგეგმასა და მართვაში გვეხმარება. მკაფიოდ გაწერილი გეგმა და სტრუქტურირებული დრო უფრო მეტი საქმის გაკეთების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. კარგად ორგანიზებულ განრიგს და მოქმედებებს ნაკლები დრო და ძალისხმევა სჭირდება და ამცირებს სტრესულ სიტუაციებს, ქაოსსა და რისკს.

ყოველდღიური განმეორებადი ქმედებების ძალა

ადამიანი მზა ცოდნისა და ჩვევების ნაკრებით არ დაბადებულა. ყოველდღიური საქმიანობით შესაძლებელია ცოდნის გაფართოება და ახალი უნარების დასწავლა. მაგალითად, თუ ადამიანი ყოველდღიურად გარკვეულ დროს დაუთმობს ინგლისური ენის ან მუსიკის შესწავლას, შესანიშნავად დაისწავლის და მისგან კარგი მუსიკოსი ან კარგი ინგლისურის სპეციალისტი ან უბრალოდ ინგლისური ენის კარგი მცოდნე ჩამოყალიბდება.

შემოქმედებითობა

დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღირებული უნარი შემოქმედებითობაა, რომლის განვითარებისთვისაც საჭიროა ადამიანი საკუთარ თავთან მარტო, პირისპირ აღმოჩნდეს და დღის განმავლობაში გარკვეული დრო დაუთმოს საკუთარ თავსა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას. რადგან ქაოსში, გარკვეული სამუშაო სტრატეგიის გარეშე რთული იქნება შემოქმედებითი უნარის გამოვლენა.

ამგვარად, დღის დაგეგმა, რუტინა ერთფეროვნების და მოწყენილობის სინონიმი არაა. ყველაფერი ჩვენს უნარზეა დამოკიდებული, რომ სწორი მიმართულებით გამოვიყენოთ. განვსაზღვროთ პრიორიტეტები, რაციონალურად გავანაწილოთ დრო და განვავითაროთ ჩვენი უნარები. ამ ყველაფერს კი ჩვევა და თვითდისციპლინა სჭირდება.

ბავშვების ჩართულობა დღის განრიგის შედგენაში

მშობელმა შვილს საშუალება უნდა მისცეს თავისი დღის განრიგი თავად შეიმუშაოს. წინასწარ უთხარით მას, რა ტიპის საქმიანობები უნდა შეიტანოს დღის წესრიგში და შემდეგ იმუშავეთ იმაზე, რასაც ბავშვი შექმნის.

თუ ბავშვი მცირეწლოვანია და დამოუკიდებლად ვერ შეძლებს საკუთარი დღის დაგეგმვას, ასეთ შემთხვევაში გეგმავს თავად მშობელი ან ის პირი, რომელიც ბავშვზე ზრუნავს (თუ მშობელი მუშაობს და მთელი დღის მანძილზე სახლში არ არის). უმჯობესი იქნება თუ საკუთარი დღის დაგეგმვაში ბავშვიც მიიღებს მონაწილეობას და აქტიურად იქნება ჩართული. მაგალითად, შეიძლება მან თავად აირჩიოს, თუ რისი კეთება ურჩევნია ჩვენ მიერ შეთავაზებულ დროს. მაგალითად, „საღამოს მეცადინეობას რომ მორჩები, თამაში გირჩევნია ეზოში თუ სახლში?“ ან „ძილის წინ წიგნი გირჩევნია წაიკითხო თუ დახატო?“

ყველა აქტივობა, რომელიც საჭიროა ბავშვის განვითარებისთვის

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ დაეხმარონ ბავშვებს შეადგინონ დღის განრიგი, რომელიც საჭიროა ითვალისწინებდეს თამაშისთვის, მეცადინეობისთვის, დასვენებისთვის, კვებისთვის, ვარჯიშისთვის, სეირნობისთვის, მეგობრებისთვის განკუთვნილ დროს. მასში აგრეთვე უნდა შედიოდეს საათები, როდესაც ბავშვები გაჯეტების გარეშე ატარებენ და დრო, როცა ისინი უფროსებს საოჯახო საქმეებში ეხმარებიან.

მშობლები საჭიროა დაფიქრდნენ, თუ რა არის მათთვის ფასეული, ღირებული და დღის განრიგის სტრუქტურაც შესაბამისად შექმნან.

ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის დიდი შვება იქნება, თუ მათ პროგნოზირებადი, წინასწარ სტრუქტურირებული დღის განრიგი ექნებათ და ეცოდინებათ, როდის უნდა ისწავლონ, როდის დაისვენონ და როდის ითამაშონ.

გახსოვდეთ, განრიგში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა სავალდებულო სამუშაო: ყველა სასკოლო დავალება და ყველა ის საქმიანობა, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარებისათვის.

ბავშვის დღე საჭიროა ისე იყოს დაგეგმილი, რომ ყველა შესასრულებელი აქტივობა, რაც უზრუნველყოფს მის ბიო-ფსიქო-სოციალურ განვითარებას, დღის განმავლობაში განხორციელდეს. ეს კი აღზრდის პროცესში ჩართული პირების (მშობლები, ბებია-ბაბუა, ძიძა და ა.შ.) პასუხისმგებლობაა.

მომზადებულია ნანა ჩაჩუას ფსიქოლოგიური ცენტრისა და ჰაპის გუნდის მიერ

შეამოწმე შვილის განვითარება

შეამოწმე რა შედეგზე ხარ გასული შვილის განვითარებაში

თან აღმოაჩინე სახალისო აქტივობები

გააზიარე და გაავრცელე ❤️

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *