ბავშვის წახალისების 3 სახეობა

იკითხება 3 წუთში.
წახალისების 3 სახეობა

წახალისება ქცევის მართვის ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის მიზანია ჩვენთვის მისაღები ქცევის სტიმულირება და უკვე არსებული, სასურველი ქცევის განმტკიცება.

როგორ უნდა იმოქმედოს მშობელმა, უფროსმა იმისთვის, რომ არასასურველი ქცევა თავიდან აირიდოს, თანაც ისე, რომ სასჯელი არ გამოიყენოს:

  • მშობელი უნდა დააკვირდეს ბავშვს მთელი დღის განმავლობაში და არ განიხილოს იგი მხოლოდ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე.
  • უფროსებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ბავშვის კარგ ქცევაზე და განსაკუთრებით იმ მომენტზე, როდესაც კმაყოფილი არის მისი საქციელით. იფიქრეთ მის დადებით თვისებებზე, რადგან ასე მოიპოვებთ ბავშვის კეთილგანწყობილებას, ნდობას და საბოლოოდ მიაღწევთ ჯანსაღ კომუნიკაციას.
  • ბავშვის არასასურველი ქცევა შესაძლებელია მარტივად შეიცვალოს. ასეთ შემთხვევაში მშობელმა აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოს და აღნიშნოს ბავშვის სასიკეთო ცვლილება და კარგი საქციელი. მაგალითად, ერთი გაფრთხილების შემდეგ, თუ თქვენმა შვილმა აღარ გაიმეორა თქვენთვის მიუღებელი ქცევა, უთხარით: „როგორ მიხარია, რომ შეძელი კარგად მოქცევა“. ყოველთვის, როცა საქციელი მარტივად იცვლება, აუცილებლად აღნიშნეთ და გაუზიარეთ თქვენ შვილს თქვენი დადებითი ემოცია.
  • მშობელმა ბავშვს ყოველთვის უნდა უთხრას, რა მოსწონს მის ქცევაში. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ უფროსები უფრო ხშირად აღნიშნავენ იმას, რაც არ მოსწონთ, რაც აბრაზებთ ან აღიზიანებთ და ძალიან იშვიათად აქცევენ ყურადღებას იმას, რაც მოსწონთ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს გამუდმებულ, დამღლელ, ხელოვნურ შექებას ყველა წვრილმანზე. წახალისების მიზნით მშობელს შეუძლია უბრალოდ გაუღიმოს, მოეფეროს, თავზე ან მხარზე ხელი გადაუსვას, რაც პოზიტიური, არავერბალური განმტკიცების ერთ-ერთი ფორმაა.

ბავშვის არასასურველი ქცევის გამოსასწორებლად უფროსებმა უნდა შეადგინონ გეგმა, რომელსაც შეასრულებს ყველა ადამიანი, ვინც კი ჩართულია ბავშვის სააღმზრდელო პროცესში

მშობლებს, უფროსებს, პედაგოგებს სასურველი ქცევის გასამტკიცებლად შეუძლიათ გამოიყენონ შემდეგი სახის ჯილდო:

  1. სოციალური – ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის საშუალებით ყურადღების მიქცევა, შექება (მაგალითად, ვერბალური წახალისებაა: „მე ვამაყობ შენით, ასე კარგად რომ მოიქეცი“, არავერბალური – ღიმილი, თვალით კონტაქტი, თავზე ხელის გადასმა, ჩახუტება და ა.შ.).
  2. ქცევითი – თამაში (პატარებთან), სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის მიღება (უფრო მოზრდილებთან), გასეირნება და ა.შ. მშობლებთან ერთად თამაში და გართობა ბავშვებს განსაკუთრებულ სიამოვნებას, ბედნიერებას ანიჭებს და საოცარ დღესასწაულს ჰგავს.
  3. სიმბოლური – მონეტები, ვარსკვლავები, ღიმილები და სხვა მათი ასაკიდან და ინტერესიდან გამომდინარე.

წახალისება გულისხმობს ბავშვისთვის ისეთი სტიმულის მიცემას, რომელიც დადებით ემოციებს აღძრავს მათში და შესაბამისად ზრდის სასურველი ქცევის განმეორების, დასწავლის ალბათობას.

ბავშვის არასასურველი ქცევის გამოსასწორებლად უფროსებმა უნდა შეადგინონ გეგმა, რომელსაც შეასრულებს ყველა ადამიანი, ვინც კი ჩართულია ბავშვის სააღმზრდელო პროცესში. აუცილებელია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:

  • აირჩიეთ ქცევა, რომლის გამოსწორებაც თქვენი აზრით არის პრიორიტეტული და დასახეთ გეგმა. ყველაფრის შეცვლას ერთად ნუ მოინდომებთ, ამის კონტროლი ბავშვს კი არა, თქვენც გაგიჭირდებათ (მაგალითად, ბავშვი მთელ ოთახში მიმოფანტავს თავის ნივთებს და გინდათ წესრიგს მიაჩვიოთ).
  • ბავშვის სააღმზრდელო პროცესში ჩართულმა ყველა პირმა ზუსტად უნდა დაიცვას წესები, რომლებიც ერთობლივადაა შედგენილი და შეთანხმებული (მაგალითად, ყველამ უნდა მიალაგოს თავისი ნივთები).
  • ბავშვს წინასწარ უნდა შესთავაზოთ და თანახმა უნდა იყოს მონაწილეობის მისაღებად, წესების შედგენა ერთობლივად უნდა მოხდეს და დეტალურად აუხსენით, რა შემთხვევაში მიიღებს ჯილდოს.
  • ერთობლივი გეგმით შემუშავებული წესების დარღვევა თუ მოხდება, რომელიმე წევრის მხრიდან (მაგალითად, მამამ ან მისმა უფროსმა დამ თავისი ნივთები არეული დატოვა), იცოდეთ, რომ ამას ბავშვზე ცუდი გავლენა ექნება და შეიძლება წესების დაცვის მოტივაცია დაქვეითდეს ან საერთოდ გაქრეს.

განვიხილოთ ერთი მაგალითი:

არასასურველი ქცევა: ბავშვი თავის სათამაშოებს ან ნივთებს მთელ ოთახში ყრის, მიუხედავად იმისა რომ დედა თხოვს მილაგებას.

შეთანხმება: თუ ბავშვი ყოველდღე თავის არეული სათამაშოების ნახევარს მიალაგებს, ის დღის ბოლოს მიიღებს ერთ სტიკერს. ხოლო თუ კვირის განმავლობაში დააგროვებს ოთხ სტიკერს, მას წაიყვანენ, ვთქვათ, სასეირნოდ რაიმე განსაკუთრებული ადგილას.

პროცესი: სათამაშოების გადმოყრამდე დედა ახსენებს: „თუ შენ შეასრულებ ჩვენ მიერ მიღებულ შეთანხმებას, მიიღებ ერთ სტიკერს“. თუ ბავშვი პირობას ასრულებს, არ დაგავიწყდეთ დაპირებული ჯილდოს მიცემა. თუ ბავშვი შეთანხმებას არღვევს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სტიკერის დაუმსახურებლად მიცემა. ასეთ შემთხვევაში ის ქცევა არ განმტკიცდება, რისთვისაც დაგეგმეთ წახალისების ეს ფორმა. თუ ბავშვმა ერთი კვირის განმავლობაში შეასრულა დანაპირები და დააგროვა სტიკერების ის რაოდენობა, რაზეც იყვნენ შეთანხმებულნი, ჯილდო უნდა მიიღოს.

შემდგომში ბავშვისთვის მოსაბეზრებელი რომ არ იყოს, მნიშვნელოვანია, ჯილდო სხვა განმამტკიცებლით ჩაანაცვლოთ და გაართულოთ, რათა ბავშვს მეტი მოტივაცია გაუჩნდეს და მიიღოს სასურველი. შესაძლებელია, სტიკერების რაოდენობა გაიზარდოს და გახდეს ხუთი ან თავად გააკეთებინოთ, ან ჯილდო ამჯერად იყოს ბავშვთან ერთად თამაში. მნიშვნელოვანია, რაზეც ვთანხმდებით, ბავშვისთვის ნამდვილად სასიამოვნო და სახალისო იყოს. როცა ბავშვი დანაპირებს ასრულებს, უკეთესია, თუ შესრულების დროს გამოხატავთ თქვენს დადებით ემოციას მის საქციელზე: „მიხარია, ასე კარგად რომ შეგიძლია შენი პირობის შესრულება“. თუ მუშაობის პროცესში ხდება ბავშვის წახალისება, ეს კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს ამ ქცევას და მოტივაციაც იზრდება. ასე გრძელდება მანამ, სანამ არ ხვდებით, რომ ბავშვს ეს საქციელი ჩვევად გადაექცა.

წახალისებით ბავშვმა შესაძლებელია განიმტკიცოს სასურველი ქცევა. თუ ბავშვი გრძნობს მშობლებისგან, უფროსებისგან სიყვარულს, ყურადღებას, პატივისცემას, მხარდაჭრას და მის კარგ ქცევას ამჩნევენ და შესაბამისად აფასებენ, მას საკუთარი თავის რწმენა უვითარდება და თავს მიზანდასახულ, წარმატებულ და ბედნიერ ადამიანად თვლის და შეეცდება მშობლის ყურადღება კარგი საქციელით მიიპყროს.

როგორც ბავშვის ფსიქიკური სიჯანსაღისთვის, ასევე თქვენი სიმშვიდისთვის უმჯობესია, ბავშვთან ურთიერთობისას არ გამოიყენოთ დასჯა.

დასჯის 2 ფორმა

ბავშვის დასჯას უამრავი რისკი ახლავს თან და თითქმის არასდროსაა გამართლებული

მომზადებულია ნანა ჩაჩუას ფსიქოლოგიური ცენტრისა და ჰაპის გუნდის მიერ

შეამოწმე შვილის განვითარება

შეამოწმე რა შედეგზე ხარ გასული შვილის განვითარებაში

თან აღმოაჩინე სახალისო აქტივობები

გააზიარე და გაავრცელე ❤️
  • 8
    Shares