ბავშვის დასჯის 2 ფორმა

იკითხება 4 წუთში.
ბავშვის დასჯის 2 ფორმა

მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ რთული, არასასურველი ქცევის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად ბავშვის დასჯა აუცილებელია. ის უნდა დატუქსო და შეზღუდონ. ისინი ნებისმიერ არასასურველ საქციელზე შვილს საყვედურობენ, უყვირიან, ეჩხუბებიან და ზოგჯერ ფიზიკურადაც კი ეხებიან. ასეთი დამოკიდებულების შედეგები, როგორც წესი, სავალალოა.

ბავშვის ქცევას ყოველთვის აქვს წინაპირობა. ის მოქმედებს როგორც ასაკობრივი თავისებურებებიდან, ასევე ოჯახური ურთიერთობების გავლენებიდან გამომდინარე. ბავშვის ქცევა შეიძლება მიმართული იყოს საკუთარი ინტერესების, ასევე საკუთარი სურვილების, მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ხშირად მშობელი, რომლისთვისაც შვილის ქცევა მიუღებელი, არასასურველი ან საფრთხისშემცველია, იღებს გადაწყვეტილებას დასაჯოს ბავშვი, თანაც ისე, რომ არც კი უხსნის მას, რატომ იმსახურებს სასჯელს და რატომ არის მისი ქცევა „ცუდი“. მშობლის მხრიდან ასეთი რეაგირებამ შეიძლება გამოიწვიოს უკუშედეგი ანუ გახდეს ნეგატიური ქცევის მაპროვოცირებელი, ხოლო სასჯელი კი „ცუდი“ საქციელის, უარყოფითი ქცევის განმამტკიცებელი.

სასჯელის გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის, გარდაუვალობის შემთხვევაშია დასაშვები და შედეგს მხოლოდ მაშინ მივიღებთ, თუ მას სწორად გამოვიყენებთ

სამწუხაროდ მშობლები, უფროსები, პედაგოგები ბავშვებთან ურთიერთობაში ხშირად მიმართავენ ქცევის ისეთ ფორმებს, როგორიცაა: ყურის აწევა, თმების მოწიწკვნა, ხელის წამორტყმა, კუთხეში დაყენება, კლასიდან გაგდება, მეგობრებთან არგაშვება, თავისუფლების შეზღუდვა და ა.შ. ესაა დასჯის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ფორმები, რომლებიც ბავშვის ფსიქიკაზე მატრამვირებლად მოქმედებს. ამ ტიპის დასჯა კატეგორიულად დაუშვებელი და მიუღებელია, თანაც ასეთი სასჯელით არასასურველი ქცევა არ ქრება. ის შესაძლოა დროებით შეწყდეს, შემცირდეს, თუმცა შემდეგ განხორციელდეს სხვა, კვლავ არასწორი ფორმით ან მომავალში ჩანაცვლდეს ბევრად უფრო ნეგატიური ქცევით, რომლის გამოსწორებაც კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იქნება.

მშობელი თუ ყურადღებას ამახვილებს ბავშვის „ცუდ“ ქცევაზე და მხოლოდ მაშინ აძლევს საყვედურს, შენიშვნას ან კომენტარს, როცა ის „ცუდად“ იქცევა, მაშინ ლოგიკურია, რომ ბავშვისთვის „ცუდი“ საქციელი მშობლისგან ყურადღების მისაღებად საუკეთესო საშუალებაა და რამდენჯერაც მოუნდება მისი „ხელში ჩაგდება“, იმდენჯერ მიაღწევს „ცუდი“ საქციელის წყალობით. ბუნებრივია ასეთ დროს (ანუ მისი „მიუღებელი“ ქცევის საპასუხოდ) შვილი ვერ მიიღებს მშობლის დადებით ემოციას, რომელსაც მისი პიროვნებად ფორმირების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც არ გვაქვს უფლება ბავშვი დავტვირთოთ ნეგატიური ემოციებით, რადგან ამდაგვარად მიღებული ნეგატიური ემოცია „ცუდ“ საქციელს კიდევ უფრო განამტკიცებს.

სასჯელს აუცილებლად უნდა მოჰყვეს განმარტება, რომელი ქცევისთვის და რატომ ისჯება

ფსიქოლოგიაში, განსხვავებით საზოგადოებაში გავრცელებული დასჯის ფორმებისგან, გამოყოფენ დამატებითი და გამოკლებითი დასჯის სახეებს, რომელიც ქცევის კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმია და მისი მიზანია, შეამციროს ან საერთოდ აღკვეთოს რთული, არასასურველი ქცევა. ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ მშობლები, რომლებიც იყენებენ საზოგადოებაში გავრცელებულ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს, საფუძვლიანად გაეცნობიან დამატებითი და გამოკლებითი დასჯის ამ ფორმებს და თუ სხვა გამოსავალს ვერ იპოვიან, უკიდურეს შემთხვევებში, გამოიყენებენ დასჯის ისეთი ფორმას, რომელიც ბავშვისთვის ნაკლებ მატრამვირებელი იქნება.

სასჯელის გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის, გარდაუვალობის შემთხვევაში არის დასაშვები და, თუ სწორად არ იქნება გამოყენებული, შედეგს ნამდვილად ვერ მივიღებთ. უფრო მეტიც, შეიძლება ბუმერანგივით მოგვიბრუნდეს მშობლებს. ამიტომ, აუცილებელია სასჯელი ადეკვატურად იყოს შერჩეული, რადგან მხოლოდ დასჯის სწორად შერჩეული ფორმითაა შესაძლებელი ბავშვი მიხვდეს, რომ „ცუდად“ მოიქცა. ამას გარდა, სასურველი შედეგის მისაღწევად ასევე აუცილებელია, ავუხსნათ მას, თუ რა იქნებოდა „სწორი“ და შევთავაზოთ, ვაჩვენოთ ქცევის სხვა ალტერნატივა, რომელიც არის ჩვენთვის მისაღები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფსიქოლოგიაში გამოყოფენ დასჯის ორ ფორმას:

  1. გამოკლებითი – არასასურველი ქცევის განმეორების ალბათობა მცირდება სასიამოვნო სტიმულის ჩამოშორებით (მაგ., თუ ბავშვი არ მეცადინეობს, ჩამოართმევენ მისთვის სასურველ ნივთს – ტელეფონს);
  2. დამატებითი – არასასურველი ქცევის განმეორების ალბათობა მცირდება არასასიამოვნო სტიმულის დამატებით (მაგ., ბავშვმა არ იმეცადინა და ცუდი ნიშანი მიიღო).

და თუ მაინც გადაწყვიტეთ დასაჯოთ ბავშვი, აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:

  • ბავშვის დასჯა შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, როცა სხვა ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ და შედეგი ვერ მიიღეთ.
  • ბავშვს სასჯელი ფიზიკურად ან ემოციურად არ უნდა აზიანებდეს. თუ მას შეურაცხყოფას აყენებთ, ამცირებთ, აკნინებთ ან ფიზიკურად ეხებით, აგდებთ ოთახიდან ან ემუქრებით – ეს ძალადობაა და არა დასჯა.
  • ნებისმიერი დასჯისას ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ის უწინდებურად უყვართ.
  • დანაშაულს, ცუდ საქციელს, სასჯელი მაშინვე უნდა მოსდევდეს. დაგვიანებით ბავშვის დასჯა უშედეგოა, რადგან ხშირად არც კი იცის, რომ არასწორად მოიქცა, არ ახსოვს თავისი „დანაშაული“ და ვერც მიხვდება რისთვის სჯიან.
  • დასჯა კონკრეტული ქცევის გამო ხდება. სასჯელს უნდა მოჰყვეს განმარტება, რომელი ქცევისთვის და რატომ ისჯება.
  • შეაფასეთ ქცევა და არა ბავშვი. სწორი ფორმებია: „ეს ცუდი საქციელია“, „ცუდად მოიქეცი“. დაუშვებელია ამგვარი მიმართვა: „შე, საძაგელო“, „შენაირი ცუდი ბავშვი არავის სჭირდება“ და ა.შ.
  • ბავშვმა უნდა იცოდეს, ცუდი საქციელისთვის როგორ დაისჯება. მაგალითად, თუ ბავშვი გყავთ სტუმრად ან პარკში და ურტყავს ვინმეს, უნდა უთხრათ: „თუ კიდევ დაარტყამ, წაგიყვან“. ანუ წინასწარ უნდა გააფრთხილოთ.
  • მიცემული პირობა აუცილებლად უნდა შეასრულოთ. ამიტომ, სანამ დაპირდებით, დაფიქრდით, დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ შესრულება. არასოდეს დაპირდეთ იმას, რისი გაკეთებაც არ ან ვერ შეგიძლიათ. ამით თქვენი ავტორიტეტი შეილახება და გაგიჭირდებათ მისი ქცევის მართვა.
  • დასჯის დროს აუცილებელია იყოთ თანმიმდევრული. დღეს თუ სჯით იმისთვის, რომ ვინმეს დაარტყა, ხვალ კი იმავე ქცევისთვის არ დასჯით, არასასურველი ქცევა არ აღმოიფხვრება.

კატეგორიულად მიუღებელია ბავშვის დასჯა, როდესაც ი ვერ უმკლავდება შიშს, სიზარმაცეს, უყურადღებობას, ან ნებისმიერ სირთულეს

გახსოვდეთ, ბავშვისთვის დამატებითი და გამოკლებითი დასჯაც სტრესულია და მასზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს:

  • დასჯის დროს ბავშვები ტკივილთან ერთად გრძნობენ წყენას, სიბრაზეს და იღებენ ემოციურ ტრავმას, რაც შეიძლება მათ მთელი ცხოვრება თან გაჰყვეთ.
  • ფიზიკურ დასჯას მხოლოდ ნეგატიური შედეგები მოჰყვება, რადგან ბავშვი ხედავს, პრობლემის გადასაწყვეტად მშობელი ფიზიკურ ძალას იყენებს. შესაბამისად, იგი პრობლემის მოგვარების ძალადობრივ მეთოდს დაისწავლის და თავადაც აგრესიული ფორმით იმოქმედებს. ამიტომ დარტყმა და ცემა მისთვის პრობლემის მოგვარების ერთგვარი საშუალება გახდება.
  • დასჯა, ტკივილთან და შიშთან ასოციაციის გამო იწვევს „გაქცევის სინდრომს“, ანუ დასჯის თავიდან აცილების ტენდენციას. მაგალითად, დასჯის შიშის გამო ბავშვმა შეიძლება მოიტყუოს, მოიმიზეზოს ავადმყოფობა და ა.შ.
  • ბავშვისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება მშობლის პოზიტიურ ღირებულებას აკნინებს და მშობლის მხრიდან შექება და პოზიტიური გრძნობები შემდგომში ნაკლებ გავლენას მოახდენს მასზე.
  • ფიზიკური დასჯის თანხმლები ნეგატიური ემოციები ხელს უშლის ოჯახში თბილი, ემოციური გარემოს შექმნას, რასაც მომავალში უარყოფითი შედეგები მოყვება.
  • დასჯის შიში ბავშვებში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დარღვევებს იწვევს. საჭმლის მომნელებელი სისტემის, წონის ან წნევის პრობლემებს, დღისა და ღამის ენურეზს და ა.შ.
  • დასჯა უარყოფითად მოქმედებს თვითშეფასებაზე.
  • დასჯამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ფსიქიკის დარღვევა.

კატეგორიულად მიუღებელი ბავშვის დასჯა:

  • ძილის წინ.
  • ჭამის დროს.
  • როცა ავადაა.
  • როცა რაღაც არ გამოსდის.
  • ვერ უმკლავდება შიშს, სიზარმაცეს, უყურადღებობას, ან ნებისმიერ სირთულეს
  • სულიერი ან ფიზიკური ტრავმის შემდეგ, მაგალითად, წაქცევა, ცუდი ნიშანი, თანატოლთან ჩხუბი, ნებისმიერი წარუმატებლობა.
  • როცა თავად ხართ ცუდად – დაღლილი, განაწყენებული, გაბრაზებული ან გაღიზიანებული.

როგორც ბავშვის ფსიქიკური სიჯანსაღისთვის, ასევე თქვენი სიმშვიდისთვის უმჯობესია, ბავშვთან ურთიერთობისას გამოიყენოთ წახალისება და არა დასჯა.

წახალისების 3 სახეობა

არასასურველი ქცევის თავიდან ასაცილებლად წახალისება ყოველთვის უკეთესი არჩევანია

მომზადებულია ნანა ჩაჩუას ფსიქოლოგიური ცენტრისა და ჰაპის გუნდის მიერ

შეამოწმე შვილის განვითარება

შეამოწმე რა შედეგზე ხარ გასული შვილის განვითარებაში

თან აღმოაჩინე სახალისო აქტივობები

გააზიარე და გაავრცელე ❤️