აღზრდის 4 სტილი

იკითხება 3 წუთში.
აღზრდის 4 სტილი

ბავშვის აღზრდა მშობლისთვის, ოჯახისთვის მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. სწორედ მშობლების დამოკიდებულება, აღზრდის სტილი განსაზღვრავს, თუ როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება მოზარდი.

შვილისა და მშობლის ურთიერთობაში უნდა გამოიყოს ბავშვისათვის მნიშვნელოვანი რამდენიმე მახასიათებელი:

  1. ოჯახში არსებული ემოციური ფონი
  2. ბავშვზე მშობლის რეაგირების თავისებურებები
  3. კონტროლის განხორციელების მეთოდი
  4. მშობლის მოლოდინი შვილის მიმართ

ოჯახში არსებული ემოციური ფონი

როგორია ემოციური ატმოსფერო, თბილი თუ ცივი?

ემოციურად თბილი მშობელი ბავშვის მიმართ გამოხატავს სიყვარულს, მზრუნველობას, შეუძლია ბავშვის გრძნობის ამოცნობა, ენთუზიაზმით რეაგირებს მის აქტივობაზე და წაახალისებს მის ავტონომიურობასა და ინიციატივას, ყურადღებით აკვირდება მის მოთხოვნებსა და ინტერესებს და ითვალისწინებს მის აზრს. ოჯახში, სადაც ასეთი ემოციური ფონია, ბავშვს სანდო მიჯაჭვულობა და მაღალი თვითშეფასება უყალიბდება. თბილ სააღმზრდელო გარემოში აღზრდილი ბავშვი არის ემპათიური, იშვიათად ავლენს აგრესიას, გაუკუღმართებულ ქცევას და აქვს მაღალი ემოციური ინტელექტი.

ბავშვზე მშობლის რეაგირების თავისებურებები

მშობელი შვილის მოთხოვნილებებს, ინტერესებსა და სურვილებს თუ ადეკვატურად აღიქვამს და შესაბამისადაც რეაგირებს, ბავშვი გონებრივად უფრო განვითარებულია, სწრაფად იწყებს მეტყველებას, აქვს სანდო მიჯაჭვულობა და მეტად ითვალისწინებს მშობლის თხოვნას.

კონტროლის განხორციელების მექანიზმები

მშობელი აღზრდის პროცესში ხშირად აწყდება ისეთ სიტუაციას, სადაც აუცილებელია ბავშვის ქცევის კონტროლი. კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მშობლის მოთხოვნების თანმიმდევრულობა. ბავშვმა ზუსტად უნდა იცოდეს ქცევის წესები და ის შედეგები, რომელიც მათ დარღვევას მოჰყვება. თანმიმდევრულობა მოზარდს მატებს თვითდაჯერებულობას და კომპეტენტურობას.

მშობლის მოლოდინი შვილის მიმართ

თუ მშობელს აქვს პოზიტიური მოლოდინი შვილის მიმართ, ეს ხელს უწყობს ბავშვში კომპეტენტურობის განცდის ფორმირებას. იმ მოზარდს, რომელსაც მშობლები პოზიტიურ მოთხოვნებს უყენებენ (მაგალითად, ითხოვენ დახმარებას საოჯახო საქმეებში, ბავშვის ასაკიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე), უფრო ადეკვატური თვითშეფასება აქვს და ორიენტირებული არის პიროვნული ზრდისაკენ.

აღზრდის სტილის კლასიფიკაცია

აღზრდის სტილის კლასიფიკაცია სითბოსა და კონტროლის, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების საფუძველზე ხდება. ამის მიხედვით გამოყოფენ აღზრდის ოთხ სტილს: ავტორიტარული, ავტორიტეტული, ლიბერალური და ინდიფერენტული.

1. აღზრდის ავტორიტარული სტილი

ამ დროს მშობლებსა და შვილებს შორის არ ხდება ემოციათა გაცვლა. ასეთ ურთიერთდამოკიდებულებას „ცივ“ ურთიერთობას უწოდებენ. აღზრდის ეს ფორმა ბავშვის მიმართ კონტროლის მაღალი დონით გამოირჩევა. მშობლები მკაცრად აკონტროლებენ თავიანთ შვილს და მისგან უსიტყვო მორჩილებასა და პატივისცემას მოითხოვენ, კომუნიკაციისა და ყოველგვარი ახსნის გარეშე. იყენებენ იძულებას, ყვირიან, ბრძანებლობენ, აკრიტიკებენ, სჯიან. ასეთი ტიპის მშობლები ბავშის ინტერესებს და მოთხოვნილებებს ნაკლებად ითვალისწინებენ, მისი შესაძლებლობები, პირადი ინიციატივა უგულებელყოფილია.

ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვი ცუდად სწავლობს, აქვს დაბალი თვითშეფასება, უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა. მორიდებულობა, მორცხვობა, გულჩათხრობილობა და აგრესიულობა, რაც აღზრდის ამგვარ სტილს შედეგად მოჰყვება, ბავშვის ცხოვრებას არაპროდუქტიულს ხდის.

2. აღზრდის ავტორიტეტული სტილი

აღზრდის ეს სტილი ბავშვზე კონცენტრირებულ მიდგომას იყენებს და გულისხმობს მის მიმართ კონტროლის მაღალ დონესა და თბილ, მოსიყვარულე, მზრუნველ დამოკიდებულებას. ავტორიტეტული მშობელი შვილს პარტნიორად მიიჩნევს და ითვალისწინებს მის ინტერესებსა და მოთხოვნილებებს, ბიძგს აძლევს მის ავტონომიურობას, ასწავლის საკუთარი ქცევის მართვას, რათა ასაკის მატებასთან ერთად შეძლოს დამოუკიდებლად და მეტი პასუხისმგებლობის გრძნობით მოქმედება. მშობელსა და შვილს შორის არის ღია კომუნიკაცია, სადაც ბავშვის თვალსაზრისი მოსმენილი და გათვალისწინებულია.

ამ ტიპის ოჯახში აღზრდილი ბავშვებისთის დამახასიათებელია ადეკვატური და სტაბილური თვითშეფასება. ხასიათდებიან მაღალი აკადემიური მოსწრებით და მეტად ითვალისწინებენ მშობლების მოთხოვნებს.

3. აღზრდის ლიბერალური სტილი

აღზრდის ეს სტილი გულისხმობს თბილ დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ და სუსტ კონტროლს. უფროსების მხრიდან ურთიერთობა თანამშრომლურია, თუმცა პრიორიტეტი, საბოლოო გადაწყვეტილება ბავშვს ეკუთვნის. მშობლები არიან ზედმეტად ლოიალურები, ნაკლებია კონტროლის მექანიზმები.

ამგვარ ოჯახში ბავშვები საკუთარ საქციელზე ნაკლებად გრძნობენ პასუხისმგებლობას და შედეგად უჭირთ საკუთარი იმპულსების, ემოციების მართვა, კონტროლი. იზრდება ალბათობა აგრესიულობისა, აკადემიური წარმატების ინტერესი იკარგება, ისინი ხდებიან სხვებზე დამოკიდებულნი და ხასიათდებიან დაბალი თვითშეფასებით.

4. აღზრდის ინდიფერენტული სტილი

აღზრდის ინდიფერენტული სტილი გამოირჩევა კონტროლის დეფიციტით და ემოციური სიღარიბით. მშობლები საერთოდ არ აკონტროლებენ საკუთარ შვილებს, მინიმალურ დროსა და ენერგიას უთმობენ ბავშვის აღზრდას. საერთოდ არ იცნობენ ბავშვს, არ იციან, რა უყვართ, როგორ გრძნობენ თავს ან სად ატარებენ დროს. უფროსები არ იჩენენ ყურადღებას და ინტერესს ბავშვის სამეგობრო წრის ან სასწავლო პროცესების მიმართ.

ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვისათვის დამახასიათებელია დაბალი თვითშეფასება, იმპულსურობა, ანტისოციალური ქცევისადმი მიდრეკილება, სირთულეები სწავლაში.

კვლევების შედეგად დადგენილია, რომ აღზრდის ყველაზე ეფექტური მეთოდი ავტორიტეტული აღზრდის სტილია, ხოლო ყველაზე ნაკლებ ეფექტური ავტორიტარული და ინდიფერენტული აღზრდის სტილი.

მომზადებულია ნანა ჩაჩუას ფსიქოლოგიური ცენტრისა და ჰაპის გუნდის მიერ

შეამოწმე შვილის განვითარება

შეამოწმე რა შედეგზე ხარ გასული შვილის განვითარებაში

თან აღმოაჩინე სახალისო აქტივობები

გააზიარე და გაავრცელე ❤️