აღზრდა ორსულობიდან იწყება

იკითხება 4 წუთში.

როდის უნდა დაიწყონ მშობლებმა ბავშვის აღზრდა?

ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საინტერესო იგავი: სამი დღის ახალშობილთან ერთად დედ-მამა ბრძენთან მივიდა კითხვით, თუ რა ასაკიდან უნდა დაეწყოთ შვილის აღზრდა? 

ბრძენმა უპასუხა: „თქვენ ძალიან დაგიგვიანდათ“.

აღზრდა

მშობლობისთვის „მზადება“ ბავშვის თამაშის პერიოდიდანვე იწყება. როლური თამაშებიდან მაგალითად “სახლობანა”, რომელშიც გადანაწილებულია დედის, მამის და შვილის ფუნქციები ბავშვს “ამზადებს” მშობლობისთვის. ეს სწორედ ის წინსწრები “გამოცდილებაა”, რომელსაც შემდგომში გარკვეული პოზიტიური მნიშვნელობა ენიჭება. 

ადამიანის განვითარება და მისი პიროვნებად ჩამოყალიბება ჯერ კიდევ პერინატალური პერიოდიდან (მისი ჩასახვიდან, ორსულობის პირველივე დღეებიდან) იწყება და მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. 

მეცნიერების მიერ დადასტურებულია და დიდი ხანია უკვე ფსიქოლოგები და ფსიქიატრები საუბრობენ იმის შესახებ, რომ ორსულობის თითქმის პირველივე დღიდან დედასა და მუცლად მყოფ ნაყოფს შორის ემოციური კავშირი არსებობს. სწორედ ამიტომ მშობლის მდგომარეობის არასასურველმა ცვლილებამ, დარღვევამ ფიზიოლოგიური, ემოციური თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით,  ბავშვის განვითარებაზე უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს, როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე მის შემდგომ, გარემოსთან ურთიერთქმედების პროცესშიც. ხალხური გამოკიდებულებაც ასეთია: “ფეხმძიმე ქალს ძაღლიც კი არ შეუყეფსო.”

დედასა და შვილს შორის ურთიერთობის დაწყების პირველი ეტაპი ჩასახვის მომენტიდან შეიძლება ჩაითვალოს. ჩასახვის მოტივები ქალებში და მამაკაცებში შესაძლოა არსებითად განსხვავდებოდეს, რომელიც შეიძლება იყოს  გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი,  დესტრუქციული და კონსტრუქციული (ემყარებოდეს ოჯახის  განმტკიცებას, წყვილების პიროვნულ ზრდას, ბავშვის დაბადებას და განვითარებას). სწორედ ეს პროცესი მნიშვნელოვნად განაპირობებს შემდგომში მშობლის დამოკიკდებულებას შვილთან, კერძოდ, ის თუ ბავშვი რამდენად სასურველია და რამდენად მზად არის ქალი მშობლობისათვის, რადგან დედის არასასურველი დამოკიდებულება  საკუთარი პირმშოსადმი ან/და ორსულობისადმი შემდგომში ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესზე უარყოფითად აისახება. ასეთ შემთხვევაში დედა ბავშვს უპირობოდ ვერ იღებს, მის  მიმართ დადებით ემოციებს ნაკლებად გამოხატავს, მათ შორის სანდო მიჯაჭვულობა არ ყალიბდება, აღზრდის არასწორ მიდგომებს ირჩევს, რაც შემდგომში უკვე ბავშვის ქცევითი და ემოციური დარღვევების ჩამოყალიბებას განაპირობებს. 

ორსულობისადმი ადაპტაცია რამდენად წარმატებით მიმდინარეობს ამაზეა დამოკიდებული შემდგომში დედის კომპეტენტურობა, თავისი როლით კმაყოფილება, ახალშობილისადმი დამოკიდებულება, აღზრდის სტრატეგიის არჩევა. მაგალითად, დედის გადაჭარბებულ შფოთვას ორსულობის პერიოდში საკუთარი ან შვილის ჯანმრთელობაზე ან მშობიარობის შიშს, მომავალში მივყავართ ჰიპერმზრუნველობის, ანუ ბავშვისადმი გადაჭარბებული მზრუნველობის ფორმირებამდე.

რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მშობლებმა და განსაკუთრებით კი ორსულებმა რათა ბავშვის ჯანსაღი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარება მოხდეს: 

1. ფიზიკური კონტაქტი

მეთოდი, რომლის საშუალებითაც მუცლად მყოფ ბავშვთან კომუნიკაცია დედის მუცელზე შეხებით, მოფერებით ხდება, ჰაპტონომია ეწოდება, რომელიც დედ-მამასა და შვილს შორის კონტაქტის დამყარების შესაძლებლობას იძლევა. ამიტომაც, აუცილებელია მომავალი მშობლები დედის მუცელს ხშირად შეეხონ და მოეფერონ. 

2. ნაყოფთან საუბარი

მუცლად მყოფ ნაყოფთან საუბარი კომუნიკაციის მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომელიც დედის, მამის და ოჯახის სხვა წევრების ხმის აღქმას, ფორმირებას იწვევს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ მამა ხშირად ესაუბრება მუცლად მყოფ ნაყოფს, მაშინ დაბადების შემდეგ ბავშვი მამის ხმას ცნობს. სასურველია მშობლები ხშირად ესაუბრონ მას და არ დააკლონ საალერსო სიტყვები, გამოხატონ თავიანთი სასიამოვნო ემოციები მის მიმართ, თუ როგორ უყვართ და როგორ ელოდებიან მის ამქვეყნიურ მოვლინებას. ესაუბრეთ როგორც დიდ ადამიანს, მისადმი დიდი ნდობითა და პატივეცემის გრძობით განმსჭვალული. ასეთი საუბრები არა მხოლოდ ბავშვს, არამედ მშობლებსაც დადებით ემოციებსა და კეთილგანწყობილებას უქმნის ყველასა და ყველაფრის მიმართ.

3.        მუსიკა

მუსიკა მუცლად მყოფ ბავშვთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც გარკვეულ ინფორმაციას შეიცავს. მეცნიერების მიერ დადასტურებულია, რომ ორსულობის დროს დედის მეშვეობით, სტრუქტურირებული მუსიკის (კლასიკური მუსიკა, ჯაზი) მოსმენა ბავშვის ნეირონებს აძლიერებს და ჰემისფეროებს შორის მჭიდრო ფუნქციური კავშირის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს. შედეგად, ასეთ ბავშვებს უკეთ სწავლის მეტი უნარი და კარგად განვითარებული „მუსიკალური ყური“ აქვთ, ადვილად ეუფლებიან კითხვას და უცხო ენებს. ასევე მეცნიერულად დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ ბავშვი ცნობს იმ მუსიკას, რომელსაც დედა ორსულობის დროს უსმენდა. ფსიქოლოგები მომავალ დედებს ურჩევენ მოუსმინონ კლასიკურ მუსიკას, გამორჩეულად კი, მოცარტს, ვივალდის.

4. ემოციური ფონი

ორსული ქალის ემოციური ფონი დიდ გავლენას ახდენს მუცლად მყოფი ბავშვის განვითარებაზე. ასევე მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ ფეხმძიმე ქალს კარზე კაკუნი უფრო გვიან ესმის, ვიდრე ნაყოფს.  მომავალი დედა ემოციური დაძაბულობის თვალსაზრისით თავს უნდა უფრთხილედებოდეს და უნდა ცდილობდეს რომ დადებითი ემოციები მიიღოს, ამასვე უნდა ცდილობდნენ ოჯახის სხვა წევრებიც. რადგან დედის მიერ შიშის, სიბრაზის, აგრესიის, შურისა და მწუხარების შეგრძნების დროს ბავშვში ჭიპლარისა და პლაცენტის მეშვეობით ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები შედის და იწვევს სხეულში იმავე არასასურველ ცვლილებებს, როგორსაც დედაში.

20-22 კვირის შემდეგ, ბავშვი რეაგირებს გარესამყაროზე ემოციური თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი იმ ემოციებზე, რომელსაც დედა განიცდის. თუ დედა ბედნიერია, ხშირად იღიმება, ცხოვრებისგან სიამოვნებას იღებს, ოპტიმისტური განწყობები აქვს, ბავშვს ახსოვს დედის მეშვეობით განცდილი ბედნიერება და შეეცდება შემდგომში თავადაც მიაღწიოს ამ სასიამოვნო განცდებს. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში არასასიამოვნო მომენტები საკმაოდ ბევრია, მაგრამ დედამ შვილის კეთილდღეობისთვის, მისი ჯანსაღი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისათვის აუცილებელია უარყობითი ემოციები თავიდან აირიდოს.

5. ორსული დედის კვება

ბავშვის ჯანმრთელობაზე და მის შემდგომ განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს ორსულის კვება. დაუბალანსებელი კვება, აუცილებელი საკვები ინგრედიენტების ნაკლებობა, ტოქსინების სიმრავლე აფერხებს ნეირონების წარმოქმნასა და განვითარებას, რაც მუცლად მყოფ ნაყოფზე აუცილებლად აისახება. მომავალი დედა უნდა ცდილობდეს ჯანსაღად იკვებოს.

ბავშვის ჯანსაღ პიროვნების ფორმირებისათვის ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობიარობის პროცესს. ცნობილი ფსიქოლოგი სტანისლავ გროფი ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბავშვისთვის, რომელიც ამ სამყაროს უნდა მოევლინოს, ორსულობის პერიოდი და მშობიარობის აქტი არის რეალური ცხოვრებისთვის მზადება, ანუ ფაქტიურად პირველი გამოცდილება. როდესაც ნაყოფი დაიძვრება მუცლიდან, თავით უნდა გაარღვიოს ის აპკი რომელშიც მთელი 9 თვე იმყოფებოდა. თუ როგორ გაარღვევს აპკს, რა ხარისხის წინააღმდეგობებს გადალახავს, შემდგომში ცხოვრებისეულ დაბრკოლებათა გარღვევის არაცნობიერ გამოცდილებად რჩება. ამ პროცესს თან ახლავს ტკივილი, შიში, წინააღმდეგობის დაძლევა და გამარჯვება. აპკიდან გამოსვლის შემდეგ ნაყოფი იწყებს მოძრაობას, რომელსაც ახლავს დედის სამშობიარო პროცესის თანმდევი შეკუმშვა–გაფართოვებები, რაც ისევ ნაყოფისთვის გასავლელი წინააღმდეგობის დაძლევის ერთგვარი გზაა.

ის თუ როგორ გაივლის ის ამ გზას, როგორ გადალახავს წინაღობას არის მთელი პროცესი, რომელიც განსაზღვრავს შემდგომში, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება, როგორ წარმართავს თავის ცხოვრებას. ხოლო მეოთხე, პერინატალურ მატრიცად წოდებული ნაყოფის სრული გამოდევნა, რომელსაც ახლავს საშოდან გადმოღვრილი სამშობიარო წყლისა და სისხლის შხეფები უკვე სრული “დამოუკიდებლობისა” და “ინდივიდუალობის” ანუ დაბადების მაუწყებელი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური აქტია. 

ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვის პრენატალური პერიოდი – ჩასახვა, ორსულობის პერიოდი და მშობიარობა უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს მისი ჯანსაღი ფსიქიკური და ფიზიკური განვითარებისათვის. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ახალი ეტაპი, რომელიც ცხადია, წინა ეტაპის უშუალო გაგრძელებაა და რომელზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დედისა და ახლად დაბადებული ბავშვის ურთიერთობა, რომელიც ბავშვის პიროვნული მახასიათებლების ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად განაპირობებს.

მომზადებულია ნანა ჩაჩუას ფსიქოლოგიური ცენტრისა და ჰაპის გუნდის მიერ

შეამოწმე შვილის განვითარება

შეამოწმე რა შედეგზე ხარ გასული შვილის განვითარებაში

თან აღმოაჩინე სახალისო აქტივობები

გააზიარე და გაავრცელე ❤️
  • 1
    Share