აქტიური მოსმენა – ის, რის გარეშეც შვილებს მშობლებთან საუბარი უჭირთ

იკითხება 3 წუთში.
აქტიური მოსმენა

გიფიქრიათ, რატომ არ ელაპარაკებიან ხშირად ბავშვები მშობლებს საკუთარ პრობლემებზე? მათ მშობლებთან საუბარი ვერ წარმოუდგენიათ, ფიქრობენ, რომ უფროსებს მათი არ ესმით. ამ დროს მშობლები კარგავენ შანსს, დაეხმარონ შვილებს პრობლემებისა და სირთულეების მოგვარებაში.

ამერიკელი ფსიქოლოგის თომას გორდონის მიერ შემუშავებული ტექნიკა “აქტიური მოსმენა” გვეხმარება შვილებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვაში

ეფექტურ კომუნიკაციას შეუძლია ადამიანი „განკურნოს“, გამოიწვიოს კონსტრუქციული ცვლილებები, გაუჩინოს საკუთარი თავის მნიშვნელობის განცდა, დადებითი თვითშეფასება. ურთიერთობის ასეთ ფორმას ფსიქოლოგია „თერაპიულ კომუნიკაციას“ უწოდებს.

კომუნიკაცია დასწავლილია. ჩვენ ვსწავლობთ მას ზუსტად ისევე, როგორც ვსწავლობთ სიარულს. ყოველთვის შეგვიძლია დავისწავლოთ და გავიუმჯობესოთ ეფექტური კომუნიკაციის უნარები, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენს შვილებთან, არამედ ოჯახის სხვა წევრებთან, მეგობრებთან და თანამშრომლებთანაც გამოგვადგება.

იმისათვის, რომ ბავშვებთან ეფექტურად წარვმართოთ კომუნიკაცია, აუცილებელია ურთიერთობისას გამოვიყენოთ აქტიური მოსმენა

აქტიური მოსმენის დროს მშობელი ამახვილებს ყურადღებას ბავშვზე და მის ნათქვამზე. მან უნდა შეძლოს მოსმენილი შინაარსის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორად გაიგო შვილის ნათქვამი. ამისათვის კი საჭიროა, დაამყაროს უკუკავშირი მოსაუბრესთან მოკლე კითხვების საშუალებით, რათა დააზუსტოს, ერთი მხრივ, გადმოცემულის შინაარსი, მეორე მხრივ კი, მოსაუბრის ემოციური მდგომარეობა და შეძლოს მისი ემოციების ამოცნობა.

მაგალითად,

შვილი: სანდრომ მანქანა წამართვა.

მშობელი: სანდრომ შენ შენი სათამაშო წაგართვა.

შვილი: ხო, ჩემი საყვარელი, ყვითელი სათამაშო.

მშობელი: შენ ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული ხარ.

მშობლის მხრიდან ყურადღება გამახვილებულია გრძნობაზე, რაც ბავშვში იწვევს ნდობისა და თანგრძნობის შეგრძნებას.

თუ ბავშვის იმავე ნათქვამზე მშობელი პასუხობს  „არა უშავს, ითამაშებს და დაგიბრუნებს“, ამ შემთხვევაში აშკარად ჩანს, რომ მშობელი ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე და ბავშვის გრძნობები იგნორირებული რჩება. პატარა ფიქრობს, რომ მას ვერ გაუგეს, წყინს და შემდეგში შეიძლება აღარც გაუზიაროს მშობელს თავისი განცდები და ფიქრები.

პირველ შემთხვევაში, მშობელმა გამოიყენა აქტიური მოსმენა. მან ბავშვის მიერ მოწოდებული თავდაპირველი ინფორმაცია სწორად გაიგო და უკანაც სწორად დაუბრუნა. მეორე შემთხვევაში კი, მშობლის მხრიდან არასწორად იქნა ინფორმაცია დაბრუნებული.

მშობელმა რომ ეფექტურად გამოიყენოს და წარმართოს აქტიური მოსმენა, მნიშვნელოვანია გამოიყენოს შემდეგი ტექნიკები:

  1. „სხეულის ენა“ – საუბრისას მსმენელი ინარჩუნებს „ღია“ პოზას, ინარჩუნებს თვალებით კონტაქტს, თანხმობის ნიშნად თავს ხრის ან იღიმის.
  2. მიღება – მოსმენა შეფასების გარეშე, შესაძლებელი მოკლე სიტყვების გამოთქმა, რათა მოსაუბრეს გაუჩნდეს განცდა, რომ ყურადღებით უსმენენ: „გასაგებია“, „დიახ“, „აჰა“.
  3. გარკვევა და დაზუსტება – საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით, არადირექტიული ღია კითხვების დასმა: „ხომ ვერ ამიხსნიდი ამას კიდევ ერთხელ“, „ რას გულისხმობ?“
  4. პერიფრაზი – თანამოსაუბრის ნათქვამის გამეორება სხვა სიტყვებით. ამით ვარკვევთ, რამდენად სწორად გავუგეთ თანამოსაუბრეს და მასაც ვაგრძნობინებთ, რომ „მე შენი მესმის“ და „ყურადღებით გისმენ“.
  5. თანაგანმცდელობა – ამ დროს თანამოსაუბრეს ვაგრძნობინებთ, რომ მისი განცდები ჩვენთვის გასაგებია. ესაა ემოციური მხარდაჭერა, ემპათია (მეორე ადამიანის თანაგრძნობა, თანაგანმცდელობა): „ჩემი აზრით, შენ გრძნობ იმედგაცრუებას…“ , „მე მაქვს განცდა, რომ შენ…“.
  6. შეჯამება და რჩევა – საბოლოოდ უნდა მოვახდინოთ მოსაუბრის მიერ მიღებული ინფორმაციის შეჯამება, რათა კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ, რომ გავიგეთ მისი – „ამრიგად, შენთვის მნიშვნელოვანია…“, „ესე იგი, შენ ფიქრობ რომ…“ და მსმენელმა შესაძლოა მოსაუბრეს მისცეს გარკვეული ტიპის რჩევა, ალტერნატივა -„როგორ ფიქრობ, ხომ არ აჯობებს…“

შვილი: ამ ქუდს არ დავიხურავ!

მშობელი: გასაგებია, შენ არ გინდა, დაიფარო ეს ყვითელი ქუდი.

შვილი: დიახაც, არ მინდა! იმიტომ, რომ არ მომწონს და თან დამიპატარავდა!

მშობელი: შენ ნამდვილად გაღიზიანებს ეს ქუდი. აბა, რას ფიქრობ, ხომ არ აჯობებს ერთად წავიდეთ და ვიყიდოთ ახალი?

შვილი: კი, ძალიან მინდა.

მშობელი: შევთანხმდი! საღამოს ერთად წავალთ და ვიყიდით.

როდის არის ეფექტური აქტიური მოსმენა?

იმისათვის, რომ აქტიური მოსმენის ტექნიკა უფრო მეტად ეფექტური იყოს:

  • მშობელს სურვილი უნდა ჰქონდეს, მოუსმინოს შვილს ანუ უნდა გამოყოს გარკვეული დრო მასთან სასაუბროდ. ხოლო თუ ამ ეტაპზე ფიქრობს რომ ამისთვის შესაფერისი დრო არ არის, აუცილებლად უნდა შეატყობინოს, მაგალითად, „საყვარელო, ძალიან მინდა შენი მოსმენა, ეხლა ძალიან მაგვიანდება სამსახურში და როგორც კი მოვალ აუცილებლად დავუბრუნდეთ ამ თემას“.
  • მშობელი აქტიური მოსმენის დროს მზად უნდა იყოს, გულწრფელად მიიღოს შვილის გრძნობა ან მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
  • საჭროა, მშობელმა კარგად გაიაზროს, რომ ბავშვი მისგან დამოუკიდებელი ადამიანია, ის უნიკალური ინდივიდია და მას შეიძლება ჰქონდეს მშობლისგან განსხვავებული ემოციები, გრძნობები და შეხედულებები.
  • მშობელი ბავშვს უნდა ენდოს, უნდა სჯეროდეს, რომ ის შეძლებს თავისი პრობლემების მოგვარებას. ასევე უნდა გაითავისოს, რომ გრძნობები წარმავალია და უმჯობესია ბავშვმა გამოხატოს ისინი, რათა სამუდამოდ არ დარჩეს მასში ფიქსირებული.

ქცევების შესაფასებლად და მშობლის ემოციების გამოსახატად რეკომენდებულია მე-შეტყობინების გამოყენება

უცხოური რესურსები:

The Skill of Listenting

Everything You Need to Know About Active Listening

მომზადებულია ნანა ჩაჩუას ფსიქოლოგიური ცენტრისა და ჰაპის გუნდის მიერ

შეამოწმე შვილის განვითარება

შეამოწმე რა შედეგზე ხარ გასული შვილის განვითარებაში

თან აღმოაჩინე სახალისო აქტივობები

გააზიარე და გაავრცელე ❤️